კობა დავითაშვილი:  თუ გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ შრომის კოდექსი მიუღებელია, მინიმუმ ვიცე-პრემიერობიდან უნდა გადადგეს

კობა დავითაშვილი: თუ გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ შრომის კოდექსი მიუღებელია, მინიმუმ ვიცე-პრემიერობიდან უნდა გადადგეს

თუ გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ შრომის კოდექსი მიუღებელია, მინიმუმ ვიცე-პრემიერობიდან უნდა გადადგეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, შრომის კოდექსთან დაკავშირებით, ვიცე პრემიერ გიორგი მარგველაშვილის შეფასებები ძალიან უცნაურია. დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული შრომის კოდექსი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და მასში მონაწილეობას თავად მარგველაშვილი ღებულობდა.

"სამწუხაროა, რომ მისი განცხადების კონტექსტი უკავშირდებოდა პირველი მაისის აქციას და მან სტუდენტები ერთმნიშვნელოვნად დაადანაშაულა პოლიციასთან შეჯახებაში და თქვა, რომ ისეთი კოდექსი შეიტანეს, რომელიც როზა ლუქსემბურგის ოცნება იყოო. გეგონება ამ მთავრობის ვიცე პრემიერი თვითონ არ იყოს", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილის მიერ მანამდე გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ბენდუქიძესთან კამათი და სახელმძღვანელოების თემა, იყო ცენტრიდან მარცხნივ გადადგმული ნაბიჯები.

"ამ დროს ვისმენთ ულტრამემარჯვენე განცხადებას. მარგველაშვილი საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში. ლოგიკური იქნებოდა, თუკი ბატონი გიორგი ამას ღიად განაცხადებდა მთავრობის სხდომაზე. თუკი იგი თვლის, რომ მიუღებელია შრომის კოდექსი, მინიმუმ ვიცე პრემიერობიდან უნდა გადადგეს", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, თეა წულუკიანი საკითხის შეფასებისას სავსებით მართალია, ხოლო თავად ელოდება პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეაქციას გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე.
"რამე შენიშვნა რომ მიიღოს კაცმა, სახელად აუცილებლად კობა უნდა ერქვას და გვარად დავითაშვილი უნდა იყოს?", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.