რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული მოქალაქეები კვლავ პატიმრობაში რჩებიან

რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული მოქალაქეები კვლავ პატიმრობაში რჩებიან

რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძემ განუცხადა, სადღესასწაულო დღეების გამო, საჩხერის რაიონის სოფელს კორბოულის ექვსი და სოფელ ღვანის ორი მკვიდრის გათავისუფლება ვერ მოხერხდა.

"ვინაიდან სადღესასწაულო დღეები დაემთხვა, დაკავებულების გათავისუფლება ვერ მოხერხდა. დღეიდან მათი გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებები ისევ აღვადგინეთ. პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაცაა ჩართული", - აღნიშნა ზაბახიძემ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, სოფელ ღვანის მკვიდრი _ გიორგი შუბითიძე და თორნიკე რიკაძე რუსმა მესაზღვრეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 2 მაისს დააკავეს. ისინი ტყეში ჯონჯოლის საკრეფად იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის მკვიდრებს, მათი აყვანა 1-ელ მაისს, იგივე ბრალდებით მოხდა. რუსმა მესაზღვრეებმა კორბოულის 11 მაცხოვრებელი დააკავეს, რომელთაგანაც მოლაპარაკებების შედეგად ხუთი მეორე დღესვე გათავისუფლდა.