2008-2012 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა

2008-2012 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა

2008-2012 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აქვეყნებს, რომელმაც  2008-2012 წლებში სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების შემთხვევები შეისწავლა. 

2008 წლის დოკუმენტში კომპანიების მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ნუსხაში ავტომობილები დომინირებს, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც სახელმწიფოს მიწის ნაკვეთებსა და სხვა ქონებას ჩუქნიან. მათ შორის შპს "პლანეტა XXIII"-მა 1 785 988 აშშ დოლარის ღირებულების 77 ავტომობილი გადასცა სახელმწიფოს. ამავე პერიოდში შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისმა" 1 453 370 ლარის ღირებულების ავტომობილები აჩუქა სახელმწიფოს, შპს "გუდვილმა" კი - სახელმწიფოს 1 675 717 ლარის ღირებულების 49 ერთეული "ტოიოტა ჰაილუქსის" მარკის ავტომობილები.

"2008 წელს სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი უძრავი ქონების ნუსხაში გამოირჩევა რამდენიმე ფიზიკური პირი. ერთ-ერთმა მათგანმა თბილისში რუსთაველის გამზირზე მდებარე 4 ფართი ჯამში 689 კვ. მ. უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. აღნიშნული ფართების საერთო ღირებულებად დოკუმენტებში 930 001 აშშ დოლარია მითითებული. ამავე პერიოდში მეორე ფიზიკურმა პირმა დედაენის პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1095 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართით 1370 კვ.მ. გადასცა სახელმწიფოს. ამ უძრავი ქონების ღირებულებად მითითებულია 700 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ეჭვს ბადებს როგორც ამ გარიგების ნებაყოფლობითობა, ასევე დოკუმენტებში მითითებული ქონების ღირებულებაც",-ნათქვამია სტატიაში.

სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ 2008 წელს შპს "ჯეოსელის" დამფუძნებელმა პარტნიორმა კომპანიამ საწესდებო კაპიტალის 100% წილიდან 2,5% წილი სახელმწიფოს აჩუქა. წილის ღირებულებად ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 250 025 აშშ დოლარია მითითებული.

2009 წელს კი, ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს 1 551 989 ლარის ღირებულების 42 ერთეული ავტომობილი საჩუქრად გადასცა.
ამავე პერიოდში კავშირმა "დოსტაქარი" 3 102 139 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობები გადასცა სახელმწიფოს. დოკუმენტებში არ არის მოცემული გადაცემული ქონების აღწერა და დეტალური ჩამონათვალი.

2010 წელს ფიზიკურმა პირებმა სახელმწიფოს 989 892 ლარის და 301 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები გადასცეს საჩუქრად. შპს "ავიასერვისმა" სახელმწიფოს 1 982 280,74 ლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გადასცა. ერთ- ერთმა ფიზიკურმა პირმა კი, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე 2000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, საერთო ღირებულებით 100 000 ლარი, გადასცა სახელმწიფოს.

2011 წელს ფიზიკურმა პირებმა სახელმწიფოს 752 818 ლარის და 24 783 აშშ დოლარის ღირებულების მოძრავი ქონება გადასცეს საჩუქრად. იურიდიულმა პირებმა კი სახელმწიფოს 266 226 ლარის ქონება გადასცეს საჩუქრად.

რაც შეეხება 2012 წელს გადაცემულ ქონებას, ამ პერიოდშიც სახელმწიფოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები უსასყიდლოდ გადასცემდნენ სამეწარმეო წილებს, მოძრავ და უძრავ ქონებას. ამ პერიოდში უმეტეს შემთხვევაში ნაჩუქარი ქონების ღირებულება მითითებული არ არის.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" 22 აპრილს ინფორმაცია 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის სიმბოლურ ფასად ნაჩუქარი ქონების შესახებაც გამოაქვეყნა. საერთო ჯამში 2004-2012 წლებში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 163 175 118,86 ლარი, 11 568 836,73 აშშ დოლარი და 10 100 ევრო შეადგინა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დაუკავშირდა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა იძულებით განახორციელეს. ჩვენი ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაზარალებულ პირებს და კომპანიების წარმომადგენლებს მიმართონ ჩვენი სამართლებრივი დახმარების ცენტრს",-ნათქვამია ორგანიზაციის სტატიაში.