თეა წულუკიანი:   შეკრების თავისუფლების ხარისხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების უფლებები

თეა წულუკიანი: შეკრების თავისუფლების ხარისხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების უფლებები

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, "შეკრების თავისუფლების ხარისხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების უფლებები". აღნიშნული განცხადება წულუკიანმა 1-ელ მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშურებით, ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, სადაც მან "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის შეცვლაზეც გაამახვილა ყურადღება. 

"ეს არის რთული ტესტი ნებისმიერი ქვეყნისთვის და განსაკუთრებული რთული ტესტია ჩვენი მთავრობისთვის. 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებამ რეალურად დაიწყო შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა. ამ ახალ კულტურაში შეცდომებს აქციის მონაწილეებიც ჩაიდენენ და პოლიციაც, რადგან ჩვენ ახლა ვსწავლობთ - ერთი მხრივ მოქალაქეები და მეორეს მხრივ ძალოვანი სტრუქტურები, შეკრების თავისუფლების ძირითად პრინციპებს. მაგალითად, როდესაც იუსტიციის სამინისტროსთან აქცია იმართება, თვალს ვხუჭავ, როცა აქციის მონაწილეები პირდაპირ სამინისტროს კართან მოდიან. ამით მე კანონს ვარღვევ. ისინი კანონს არ იცავენ, მე კი კანონით მევალება, რომ ეს ადამიანები უკუვაგდო. ისინიც არღვევენ კანონს და მეც ვარღვევ განზრახ, რადგან მაქვს ტოლერანტული მიდგომა შეკრების თავისუფლებისადმი. მანიფესტაციების კანონი ამ მხრივ გადახედვას საჭიროებს. რაც შეეხება 1-ელი მაისის აქციას, თუ მხოლოდ გავრცელებული კადრებიდან ვიმსჯელებთ, მომეჩვენა, რომ ხანდახან აქციის მონაწილეები არღვევდნენ შეკრების თავისუფლების პრინციპებს და ხან პოლიცია სცოდავდა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ერთი იყო ბოლომდე დამნაშავე ამ საქმეში. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც აქციის მონაწილე ლეგიტიმური მოთხოვნით და ლეგიტიმური პროტესტით ქუჩაში გამოდის, აქვს გარკვეული ვალდებულებებიც - თუ საჭირო არ არის, ქუჩა არ უნდა გადაკეტოს, იმიტომ, რომ ამით მესამე პირის უფლებები ირღვევა. ასევე პოლიციას აქვს ვალდებულება, რომ თუკი არსებობს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი, ისინი თავიდანვე გააცალკევოს ერმანეთისგან და ორივე ჯგუფმა საკუთარი პროტესტი მშვიდობიან პირობებში გამოხატოს. ამ შემთხვევაში შეკრების თავისუფლების ხარისხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურების უფლებები", - აცხადებს თეა წულუკიანი.