გიუნტერ ბეხლერი:  საქართველოს არ აქვს გარანტიები, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში მეზობლები თავს არ დაესხმებიან

გიუნტერ ბეხლერი: საქართველოს არ აქვს გარანტიები, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში მეზობლები თავს არ დაესხმებიან

საქართველოში იმაზეც მართებთ ფიქრი, რომ ქვეყანას არ აქვს გარანტიები, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში მეზობლები თავს არ დაესხმებიან, - ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის სრულუფლებიანმა ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც ელჩი აღნიშნავს, გადაჭრით იმის თქმაც ძნელია, თუ რომელი სჯობს - ნეიტრალიტეტის ქონა თუ არქონა და ყველაფერი ერზე, მის ისტორიულ გზასა და გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. მისი აზრით, თითოეულ ქვეყანასა და ერს აქვს თავისებური თავდაცვის მექანიზმი და იდეოლოგია, რომლებიც მას ისტორიის მანძილზე ჩამოუყალიბდა.

"ისტორიულად, შვეიცარიაც და საქართველოც საკუთარ დამოუკიდებლობას ბრძოლითა და სისხლისღვრით ინარჩუნებდნენ, მაგრამ შვეიცარიის ნეიტრალიტეტის გამოცხადებისას, დიპლომატიის გარდა, უმნიშვნელოვანესი როლი იმანაც ითამაშა, რომ ქვეყანას სამხედრო რესურსები ჰქონდა, რითაც საკუთარი თავის დაცვას უზრუნველყოფდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოსდა ნეიტრალიტეტის გამოცხადება ნიშნავს არმიის დათხოვნასა და სამხედრო ღონისძიებებზე უარის თქმას, არასწორია. შვეიცარიას უნდა უზრუნველეყო, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არ დაეშვა არც ერთი მესამე ძალის სამხედრო კონტინგენტი. საქართველოს კი ასეთი ფუფუნება არ ჰქონია", - აღნიშნა ბეხლერმა.

მისივე თქმით, ისტორიულად რამდენიმე მხარეთა ინტერესის სფეროში მოქცეული საქართველო ამჯობინებდა, უფრო დიდ ძალას მიჰკედლებოდა, რადგან მისთვის სხვა ალტერნატივა, იგივე ნეიტრალიტეტი, უბრალოდ არ არსებობდა.

"ახლაც, თუკი საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, ეს ქვეყნის ისტორიული გზის ბუნებრივი გაგრძელება იქნება. თანაც, საქართველოში იმაზეც მართებთ ფიქრი, რომ ქვეყანას არ აქვს იმის გარანტიები, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში მეზობლები მის ნდობას 100%-ით გაამართლებენ და თავს არ დაესხმებიან", - მიაჩნია შვეიცარიის ელჩს.