5 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

5 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

5 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. 

ქრისტეს აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. სახარების თანახმად, ღვთისმშობელი მარიამისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა წითელ პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე, გოლგოთაზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს, კვირას მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა და "სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა".

უფლის ჯვარცმასა და აღდგომას ადამიანების პირველქმნილი ცოდვისგან დახსნა უკავშირდება. ადამიანთათვის სამოთხის ბჭე მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო. აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლა, რომელიც დიდ შაბათს აღესრულება. ამ სასწაულის მოწმე ყოველწლიურად ასობით ათასობით მომლოცველი ხდება.

ქრისტიანთა უდიდესი დღესასწაული - მაცხოვრის აღდგომა მოძრავი დღესასწაულია და გაზაფხულზე, ახალი სტილით, 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება. 325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება. ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება ტაძრებში 4 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, ღამისთევით ჩატარდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.