მართლმადიდებელი სამყარო ხვალ უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ღამისთევის მსახურებას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამართავს. 

სააღდგომო ლიტანიობა, 23.00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, პატრიარქის მსახურებას მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მწუხრის ლოცვის შემდეგ, ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა იქნება, რომლის დროსაც, სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ჯვრის საგალობელს იგალობებენ.

ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება. ამასთან, ეკლესიებში განაწილდება იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელსაც მომლოცველთა ჯგუფი იერუსალიმიდან თბილისში ღამისთევის მსახურებისთვის მიაბრძანებს.

მსახურების ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს წაიკითხავენ. ტაძრებში სასულიერო პირები მრევლის მიერ ეკლესიებში ღამისთევაზე მიტანილ პასქებსა და წითელ კვერცხებს აკურთხებენ.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 18 მარტს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.

მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.