ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს არჩილ კბილაშვილი

ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს არჩილ კბილაშვილი "თავისუფალი აზრის გამოხატვად" მიიჩნევს

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მისი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს "თავისუფალი აზრის გამოხატვად" აფასებს და აცხადებს, რომ "პროკურატურას ჯერ უფლებაც არ გვაქვს, აზრის გამოხატვის შედეგად გამოძიება განახორციელოს".

როგორც არჩილ კბილაშვილმა "ინტერპრესნიუსს" "ობიექტივის" ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, ნაცვლიშვილის მიმართ ბრალდებები არც ერთი მტკიცებულებით არ არის გამყარებული.

"მე ამ ჟურნალისტის განცხადებას გუშინ, გვიან ღამით გავეცანი. თვითონ ვიდეომასალა არ მინახავს, თუმცა ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან დაკავშირებით გამოძიებას ახორციელებს და პროცესი წარიმართება ისე, როგორც დადგენილია. რაც შეეხება ჩემს მოადგილეს, შემიძლია ვთქვა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ძალიან წარმატებულად მუშაობს, დიდ თანადგომას გვიწევს, მას აქვს დიდი გამოცდილება და საუკეთესო რჩევებს გვაძლევს. ასე რომ, მისი საპროკურორო საქმიანობა შემიძლია მხოლოდ დადებითად შევაფასო. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, რომლის შესახებაც ამ განცხადებაში მოვისმინე და სხვა დროსაც სხვათა გამონათქვამები მსმენია, ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ გამოხატული აზრი, მტკიცებულების და არგუმენტის გარეშე. სწორედ ამიტომ მას სხვა შეფასებას ჯერჯერობით ვერ მივცემთ, გარდა ისეთი შეფასებისა, რომ ეს არის აზრის გამოხატვის თავისუფლების სფეროში გაკეთებული განცხადება", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის განმარტებით, თუკი იარსებებს რაიმე არგმუნტი ან მტკიცებულება ლაშა ნაცვლიშვილის მიერ ამა თუ იმ ქმედების შესახებ, მაშინ პროკურატურა "ჩვეულებრივად დაინტერესდება".

"ჯერჯერობით პროკურატურას უფლებაც არ გვაქვს, აზრის გამოხატვის შედეგად გამოძიება განახორციელოს. ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ აღნიშნული ჟურნალისტის განცხადება რაიმე ფაქტით ან არგუმენტით იყოს გამყარებული", - აღნიშნა კბილაშვილმა.

გიორგი ფარესაშვილმა გუშინ გავრცელებულ ვიდეო ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომასალა ფაბრიკაციაა. როგორც ფარესაშვილმა განაცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად ამხელდა სამ პიროვნებას, კერძოდ, საუბარია გია ხუხაშვილზე, შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძესა და გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილზე.

ფარესაშვილის თქმით, სწორედ ამ სამმა პიროვნებამ ჩაიგდო ხელში ის ბიზნესები, რაც "ნაციონალურ" მოძრაობას და "ვანო მერაბიშვილის კლანს" ჰქონდათ.

"რაც შეეხება "ხუხაშვილი-ხვედელიძე-ნაცვლიშვილის კლანს", მათ ბიზნესები გადაიფორმეს ვანო მერაბიშვილის კლანისგან. მე 2006 წლიდან აქტიურად ვებრძოდი "ნაციონალურ მოძრაობას" და ამ კლანსაც კი არ მოსვლია თავში ასეთი რამ. მათაც კი არ უკადრებიათ ეს", – განაცხადა ფარესაშვილმა.

მისივე თქმით, მისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძისა და მისი მეუღლის, რომელიც დღემდე პროკურატურაში მუშაობს, "ბინძურ საერთო საქმეებზე". ფარესაშვილის განცხადებით, როდესაც ის შეხვდა ამ ადამიანს, სწორედ მისგან გაიგო, რომ მის შესახებ გავრცელდა რაღაც ვიდეომასალა ინტერნეტში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქე გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის ინტერნეტ სივრცეში გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, სისხლის სამართლის საქმე 157-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აღიძრა, რაც "საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას" გულისხმობს.