გია ხუხაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მას ნატო-ში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარება სურს

გია ხუხაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მას ნატო-ში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარება სურს

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას ნატო-ში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარება სურს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხუხაშვილმა განუცხადა, გადაწყვეტს ინფორმაციის წყაროსგან ბოდიში მოითხოვოს თუ სხვა ზომებს მიმართოს.

"სრული დეზინფორმაციაა, თითქოს ნატო-ში შესვლაზე ხელახალი რეფერენდუმის მომხრე ვარ. ნატო-ს ორიენტირი არის ქართველი ხალხის არჩევანი. ხუხაშვილს არანაირი უფლება არ აქვს, რომ ამაზე აზრები გამოთქვას. აქედან გამომდინარე, ეს არის სრული და ძალიან ბინძური დეზინფორმაცია. რეფერენდუმის აუცილებლობას ვერ ვხედავ, მაგრამ ვიღაცას თუ უნდა გამოკითხვა ჩაატაროს, კი ბატონო - გამოიკითხოს, თუმცა, ხელისუფლებამ რომ ეს გააკეთოს, ვფიქრობ არასწორი იქნება", - აღნიშნა ხუხაშვილმა. მისივე თქმით, არ მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით განწყობები შეიცვალა.

მედიასაშუალებებში დღეს გავრცელდა გია ხუხაშვილის კომენტარი, სათაურით "ხუხაშვილი ნატოზე ახალი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს".