სააღდგომოდ შეწყალების სახელმწიფო კომისია 27 აპრილს შეიკრიბება

სააღდგომოდ შეწყალების სახელმწიფო კომისია 27 აპრილს შეიკრიბება

სააღდგომოდ პატიმართა შეწყალების მიზნით, შეწყალების სახელმწიფო კომისია 27 აპრილს შეიკრიბება. ამასთან, შესაძლოა მაისში პატიმართა კიდევ ერთი შეწყალების აქტი განხორციელდეს და მსჯავრდებულები 26 მაისისთვისაც გამოუშვან. 

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ აცნობა.

"განსახილველად შემოსულია 171 პატიმრის საქმე, მაგრამ შესაძლებელია დარჩენილ ორ დღეში საქმეები კიდევ დაემატოს, თუმცა არ მგონია ეს ძალიან ბევრი საქმე იყოს. აქედან სამი არასრულწლოვანი პატიმრის საქმეა და 12 - პატიმარი ქალის. კომისიის სხდომა შეიძლება 26 მაისისთვისაც ჩატარდეს, რადგან შემოსულია რამდენიმე საქმე, რომელთა ტექნიკური მომზადება და უახლოეს სხდომაზე გატანა ვერ ესწრება. შემოსულია სია საპატრიარქოდან და მათგან ზოგიერთი საქმე, რომელიც შეტანილი იყო როგორც საპატრიარქოში, ასევე პრეზიდენტის სახელზეც, გამოსატანად მომზადდა, მაგრამ არის რაღაც რაოდენობის საქმეები, რომელზეც დოკუმენტაციის გამოთხოვა ვერ მოესწო. ამიტომაც მინდა მაისში კიდევ ერთი სხდომა ჩავატარო", - აღნიშნა ელენე თევდორაძემ.

მისივე თქმით, 123-მა პატიმარმა შეწყალებაზე უარი თქვა, რაზეც შესაბამისი აქტები მიიღეს. "პატიმრებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თავიანთი საქმეები გაასაჩივრონ, აქვთ შიში იმისა, რომ შეწყალების შემთხვევაში საქმეების ხელახალი განხილვა არ მოხდება. ვვარაუდობ, რომ შეწყალებაზე უარს ამ მიზეზით ამბობენ", - აღნიშნა თევდორაძემ.

შეწყალების სახელმწიფო კომისია 27 აპრილს, 13:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბება.