ივნისში თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები აღარ ჩატარდება

ივნისში თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები აღარ ჩატარდება

"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლითაც მთლიანად იცვლება საკრებულოებში გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატის ადგილმონაცვლის არჩევის წესი , საკითხის ერთ-ერთ ავტორსა და ინიციატორს, ირინა იმერლიშვილს უკან გააქვს. შესაბამისად, დღის წესრიგიდან იხსნება ივნისის თვეში, ექვს თვითმმართველ ერთეულში - მათ შორის თბილისში საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარების საკითხი. 

როგორც დეპუტატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების და თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, აღნიშნული კანონიდან გამომდინარე ტექნიკური ხასიათის პრობლემების წარმოქმნის შესახებ, გადაწყდა, რომ მას პარლამენტი ამ ეტაპზე აღარ მიიღებს. თავად იმერლიშვილი ვერავით ტექნიკურ პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დღევანდელი მმართველი გუნდი ხელის გადაგრხეის პრინციპით არ მოქმედებს.

"შექმნილია ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობს და აღნიშნული საკითხიც ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში განხილვის საგანი იქნება. ის წარმოადგენს ამ ცვლილებას საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის ფარგლებში" - განაცხადა იმერლიშვილმა.

ამასთან, როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" აცნობა, ახლო მომავალში ინტერფრაქციული ჯგუფი პარლამენტს წარუდგენს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რაც, თავის მხრივ, პარტიების დაფინანსებას შეეხება და ასევე საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს კანონპროექტი, რომელიც საკრებულოებში გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესს მთლიანად ცვლის. პროექტის თანახმად, საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნების გამართვის ვადა და სიხშირე იზრდება და საკრებულოს შემადგენლობის შევსება სამჯერ ხდება შესაძლებელი.