ირინა იმერლიშვილი:  არ ვაპირებთ პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას

ირინა იმერლიშვილი: არ ვაპირებთ პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას

დეპუტატ ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო ადასტურებს, რომ ყოფილ სახელისუფლებო გუნდს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მთელი სასამართლო სისტემა ჯიბეში ჰყავს და მისი ხელიდან გაშვება არ სურს. 

"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტზე და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" გახორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების შემდეგ, იმერლიშვილი ელის, რომ მიხეილ სააკაშვილი ანალოგიურ გადაწყვეტილებას "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებითაც მიიღებს და არც მას მოაწერს ხელს.

როგორც დეპუტატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და პრეზიდენტის სურვილია, რაც შეიძლება მეტად შეფერხდეს და გაჭიანურდეს სასამართლო სისტემაში დაგეგმილი რეფორმები.

იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაითვალისწინა როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე შეთანხმება იქნა მიღწეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.

დეპუტატმა კიდევ ერთხელ განმარტა ცვლილებები, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის გათვალისწინებით სასამართლო სისტემაში უნდა ამოქმედდეს და აღნიშნა, რომ პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ფარული კენჭისყრით აირჩევიან და ნებისმიერ მოსამართლეს ექნება საკუთარი კანდიდატურის მოსამართლეთა კონფერენციისათვის შეთავაზების შესაძლებლობა. გარდა ამისა, კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენების უფლება იმ მოსამართლეებსაც ეძლევათ, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრები არიან. იმერლიშვილმა განმარტება გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესზეც და აღნიშნა, რომ პარლამენტის მხრიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევის ახალი ნორმა უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური ჩარევებისა და პოლიტიკური გავლენისგან მთლიანად გათავისუფლებას.
"არ ვაპირებთ გავიზიაროთ შენიშვნები და წინადადებები, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა. ჩვენ ვეტოს დაძლევას ვაპირებთ", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ირინა იმერლიშვილმა.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი კი მომავალ კვირას, 1-ელი მაისის სესიაზე იგეგმება.

პარლამენტს ვეტოს დასაძლევად სულ მცირე 89 ხმა სჭირდება.