„დედაქალაქში მწვანე საფარის მდგომარეობა საგანგაშოა“

„დედაქალაქში მწვანე საფარის მდგომარეობა საგანგაშოა“

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თბილისის გამწვანების და შესყიდვების სამსახურის ხელმძვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. „მწვანე ალტერნატივას“, „უსაფრთხო სივრცის“ და „საერთშორისო–გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო მწვანე საფარის მდგომარეობა საგანგაშოა.

მათივე განცხადებით, გამწვანების სფეროში მუნიციპალური შესყიდვები საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენების და კორუფციის მაღალ რისკს ბადებს. არასამთავრობოები ამბობენ, რომ ქალაქის მთავრობამ შესაბამისი საქალაქო სამსახურების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს, რადგან ამ სამსახურის ხელმძღვანელობას არ აქვს არსებული პრობლემების გადაჭრის უნარი.

გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი კი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი განცხადებები. გიორგი ქორქაშვილის თქმით, მზად არის პირადად შეხვდეს და მათთან ერთად განიხილოს არსებული პრობლემები. თუმცა, მისივე განცხადებით, არასამთავრობოები მხოლოდ საჯარო განცხადებებს აკეთებენ და შეხვედრაზე უარს აცხედებენ. ქორქაშვილის მტკიცებით, ორგანიზაციების პრეტენზიები სიმართლეს არ ემყარება.