წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური საგანმანათლებლო პროექტი სავარაუდოდ ჩავარდა

წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური საგანმანათლებლო პროექტი სავარაუდოდ ჩავარდა

მიხეილ სააკაშვილი: ბათუმის მერიაში ბიჭებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა მოეწონათ

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი პირველი ოქტომბრის შემდეგ გაიყინა – ამ განცხადებას ქვეყნის პირველი პირი, მიხეილ სააკაშვილი აკეთებს და განმარტავს, რომ არჩევნების შემდეგ პროექტი შეჩერდა და უნივერსიტეტის შენობაში გადასვლას მერიის სტრუქტურები გეგმავენ.

„ბათუმის მერიამ თქვა, რომ ის უნივერსიტეტი აღარ იქნება, რადგან ისინი უნდა გადავიდნენ და დაჯდნენ, უნივერსიტეტის შენობა მოეწონათ ბიჭებს! უკვე წარმოუდგენიათ, აუდიტორიებს კაბინეტებად როგორ გადააკეთებენ, ფეხს ფეხზე როგორ შემოიწყობენ და როგორც აიღებენ ქრთამებს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული უნივერსიტეტი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ანალოგი უნდა ყოფილიყო, სადაც ქართველი სტუდენტების უმრავლესობა განათლებას უფასოდ მიიღებდა და საამისოდ უკვე გრანტებიც იყო გამოყოფილი.

პრეზიდენტის განცხადებითვე, ყოფილი ხელისუფლების გეგმებში უცხოელი პროფესორების ჩამოყვანაც შედიოდა, რომლებიც საქართველოში ტექნოლოგიური დარგის სპეციალისტებს – ინჟინრებს, მშენებლებსა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს მოამზადებდნენ.

commmersant.ge აღნიშნულ საკითხში გასარკვევად ბათუმის მერიას დაუკავშირდა, სადაც ადასტურებენ, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში მერიის სამსახურების გადასვლის გეგმები არსებობს.

ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ ერთი თვის წინ საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ობიექტის ქალაქის თვითმართველობაში გადაცემის თხოვნით მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

ბათუმის საკრებულოში კი განმარტავენ, რომ უნივერსიტეტი სწორედ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება, ხოლო ქალაქის თვითმართველობაში გადაცემის შემთხვევაში შენობაში მერიის სამსახურები განთავსდება და შიდა სარემონტო სამუშაოებიც დასრულდება.

ჩავარდა თუ არა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი? ამ საკითხზე პასუხი საქართველოს განათლების სამინისტროსგან ვერ მივიღეთ. მათი ინფორმაციით, ეს შენობა მათი არასდროს ყოფილა და მისი პროფილის შესახებ გადაწყვეტილებასაც ის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბალანსზეც აღნიშნული ობიექტი იმყოფება.

თუმცა ეკონომიკის სამინისტროსგან აღნიშნულ საკითხზე commersant.ge–მ განმარტებების მოპოვება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ: ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პრეზიდენტმა გასული წლის სექტემბერში გახსნა. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტს 200–მდე სტუდენტი უნდა მიეღო. 37–სართულიანი უნივერსიტეტის სიმაღლე 200 მეტრია და მის 27–ე სართულზე „ეშმაკის ბორბალია“ განთავსებული.