კოტე კუბლაშვილი - სასამართლო იმ კანონს დაემორჩილება, რასაც პარლამენტი მიიღებს

კოტე კუბლაშვილი - სასამართლო იმ კანონს დაემორჩილება, რასაც პარლამენტი მიიღებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის შეფასებით, პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებებთან ერთად, სასამართლო ხელისუფლებაში ცვლილებების განხორციელება ცუდი პრეცედენტია, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად სასამართლო იმ კანონს დაემორჩილება, რასაც პარლამენტი მიიღებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კუბლაშვილმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

"ვეტო - ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა და განურჩევლად იმისა, თუ რას ფიქრობს უზენაესი სასამართლო, პარლამენტი თუ მთავრობა, პრეზიდენტს აქვს უფლება ის გამოიყენოს და ვეტო დაადოს ნებისმიერ კანონპროეტს თუ მას საჭიროდ ჩათვლის, ამიტომ ვერც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი – ვერც სასამართლო და ვერც აღმასრულებელი ვერ ჩაერევა პრეზიდენტის მიერ ამ უფლების გამოყენებაში. პირადად ჩემი მოსაზრება არის ის, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვეს სასამართლო ხელსიუფლების ცვლილებაც, ეს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება. თუკი საქართველოში ასეთი რამ მოხდება, ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი და გამოიწვევს იმას, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება ისევ შეცვლის სასამართლოში ვიღაცას და რაღაცას", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

აღნიშნულის კონტექსტში კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა წარმოადგინა და რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ვენეციის კომისიის დასკვნას მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს.

"სწორედ აღნიშნული პრეცედენტის არდაშვებაზე იყო საუბარი, როცა ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები გვქონდა და რაც ვენეციის კომისიამ გაიზიარა. ვენეციის კომისიამ თქვა ისიც, რომ გარდამავალ პერიოდში შესაძლებელი იყო რაღაც გამონაკლისების დაშვება, თუმცა წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი არა მხოლოდ მცირე გამონაკლისებს უშვებს, არამედ სისტემის თითქმის სრულ ცვლილებებს წარმოადგენს, ამიტომ ვფიქრობ, რომ პარლამენტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ ნაწილობრივ არის ასახული", - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა და იქვე განმარტა, რომ ყველაფრის მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება იმოქმედებს იმ კანონის მიხედვით, რომელსაც პარლამენტი მიიღებს.

რაც შეეხება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მათ არ გასცნობია, თუმცა განმარტავს, რომ ქვეყნის პირველი პირის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი პირის არჩევის უფლების მიცემის მოთხოვნა კონსტიტუციითაა გათვალისწინებული.

"ეს მხოლოდ პრეზიდენტის სურვილი არაა, ეს წერია კონსტიტუციაში და ეს ნორმა საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ ამოქმედდება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.