კენ ჰენსლი – პოპ-პორტრეტმა საოცარი კონცერტი გვისახსოვრა...

კენ ჰენსლი – პოპ-პორტრეტმა საოცარი კონცერტი გვისახსოვრა...

კენ ჰენსლის დიდი მუსიკოსობის შესახებ ქართველმა როკ-მოყვარულმა შესანიშნავად უწყოდა, მაგრამ მისი პიროვნული თვისებების, ცხოვრებისეული საკითხებისადმი მიდგომის შესახებ შეიტყო, ხოლო პროფესიონალიზმში დარწმუნდა ყველა, ვისაც ორი დღის განმავლობაში ბატონ ჰენსლისთან ურთიერთობა მოუწია. ეს დღეები ხომ თითოეული მუსიკალური გურმანის მეხსიერებაში ოქროს ასოებად ჩაეწერა...

დავიწყოთ პრესკონფერენციით, სადაც კენმა ჟურნალისტებსა და მუსიკის მოყვარულებს დასმულ შეკითხვებზე პასუხები გასცა, გულწრფელი ღიმილი არავის მოაკლო და იქ დამსწრეთ ხელისგულზე გადაუშალა მუსიკალური მოღვაწეობის 50 წელიწადი, მოყოლებული ადრეული ჩანაწერებიდან, დღევანდელ დღემდე.

მსმენელთან ინტერაქტივი საკონცერტო დარბაზშიც გაგრძელდა, რამაც ნაწილობრივ აკუსტიკურ, ნაწილობრივ ელექტრო-კონცერტს,  საოცარი სითბო და უშუალობა შესძინა, თუმცა მანამდე იყო დაუვიწყარი რეპეტიცია რკინიგზელთა სახლში, სადაც მისულთ ტანთ ჟრუანტელმა დაგვიარა July Morning-ის, Rainbow Deamon-ისა, თუ Circle Of Hands ჰამონდ მოტივების მოსმენისას...

რეპეტიცია საბოლოოდ ჩავარდა, რადგან ტექნიკური პრობლემები საქართველოში ყოველთვის დაუძლეველი წინააღმდეგობაა. რეალურად ჰენსლიმ თავის ახალ პარტნიორებთან – ლევან კაპანაძესთან, თორნიკე გორდაძესთან და რეზი აბესაძესთან რეპეტიციის გავლა ვერც კი მოასწრო. მით უფრო საოცარი იყო მსმენელთა წინაშე, სცენაზე საოცრად შეწყობილი ბენდის წარდგომა, რაც ჩვენი მუსიკოსების უდავოდ მაღალ საშემსრულებლო ოსტატობასა და რაც მთავარია მოწესრიგებულობაზე – მუსიკალურ კულტურაზე მიუთითებს. გამოცდილ ჰენსლის ინტუიცია ამ შემთხვევაში ვერც დააღალატებდა. იგი შესანიშნავად გრძნობდა ჯგუფის შესაძლებლობებს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში რა გაიყვანდა სცენაზე უცნობ მუსიკოსებთან ერთად...

სწორედ რეპეტიციაზე გამოჩნდა 65 წლის მუსიკოსის უაღრესი თავმდაბლობა. “ბებერი ჰიპი” გარდა იმისა, რომ მითითებებს აძლევდა აპარატურის ამწყობ მომსახურე პერსონალს, ტექნიკურ სამუშაოებს თავადაც არ თაკილობდა და პარალელურად სრული ყურადღებით, ჰამონდისა და აკუსტიკური გიტარის ოპტიმალური ჟღერადობისკენ მიისწრაფვოდა...

ამ ყოველივეს დიდი დრო დასჭირდა და ჰენსლიც ოდნავი დაგვიანებით წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე, რომლის ერთსულოვნებაზეც ესპანეთში დაბრუნებული მუსიკოსი კიდევ არაერთგზის ისაუბრებს ახლობელ წრეებში...

ჯერ კიდევ პრესკონფერენციაზე საუბრობდა ბატონი ჰენსლი Uriah Heep-ის მოღვაწეობის საუკეთესო პერიოდზე, რომელიც 1970-1974 წლებით შემოიფარგლება. ჰენსლი ამ ხანას განიხილავს შესანიშნავი ხუთეულის შეწყობის საოცარ მაგალითად და ჯგუფის წევრებისაგან არ გამოჰყოფს საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების 95% თავად ეკუთვნის... აი მომდევნო პერიოდის გახსენება კი არც სურს. თურმე წელიწადმა ისე შეიძლება განვლოს, რომ ჯონ ლოტონის ვოკალით ჩაწერილი ალბომი არც მოისმინოს.

პრესკონფერენციაზე ამ სიტყვების გამგონი მსმენელისთვის მით უფრო საკვირველი იყო კონცერტის გახსნა ალბომ Innocent Victim-ის შედევრით – Free Me... საინტერესოა, რომ იგივე სიმღერა შარშან Uriah Heep-მაც შეგვისრულა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, მაგრამ გაცილებით ზედაპირულად და ალბათ ტვინის ჭყლეტის გარეშე, როდესაც ტრადიციული სტუდიური ვარიანტის – აკუსტიკური და ელექტრო გიტარის წარმართული მელოდიური ღერძი, ამ უკანასკნელის ერთი-ერთზე ჰამონდზე გადატანით “მოაგვარა”...

აკუსტიკურ სეტში კი Free Me-თან ერთად, იმავე ჯონ ლოტონის პერიოდიდან შესრულებულმა Wise Man გვიპასუხა შეკითხვაზე, თუ რატომ არ ჰყვარობს მაინცდამაინც ჰენსლი Uriah Heep -ის 1976-1978 წლების პერიოდს. საქმე ისაა, რომ კონცერტზე მისულმა მსმენელმა შესანიშნავად იგრძნო, თუ როგორი უნდოდა ჰენსლის ყოფილიყო ეს სიმღერები. მაგრამ გარდა იმისა, რომ ლოტონის ხმის ტემბრი და ვოკალური მსოფლხედველობა ხმის საოცარი სიძლიერის მიუხედავად, ძლიერ დაშორებულია ჰენსლი-ბაირონისეულ ვოკალურ ესთეტიკას, იქ დაღი პროდიუსერების ჩარევამაც დაასვა ამ სიმღერების ჰენსლისებრ გადმოცემას...

დღესდღეობით კატალონური „ბარსელონას“ გულშემატკივარ ჰენსლის სურვილი აქვს, რომ რიკ უეიკმანის დონეზე ფლობდეს კლავიშებიან ინსტრუმენტებს, ატარებდეს “ფორმულა 1”-ის მანქანას და ლეო მესივით თამაშობდეს ფეხბურთს...

ნისლიანი ალბიონიდან ესპანეთს გადაბარგებულმა მზიანი ამინდისა და ზღვის მოყვარულმა 65 წლის მუსიკოსმა კონცერტზე მისულთ ლამის დაჟინებით, უპირველეს ყოვლისა სიტყვა “ნარკოტიკისაგან” თავის შორს დაჭერა გვირჩია და აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ვერასოდეს აღიდგენს იმ დაკარგულ წლებს, რაც საწამლავს შეალია... მეტიც – მან კიდევ ერთხელ მოსპო ცრუ შეხედულება იმის თაობაზე, რომ თითქოს შედევრებს მუსიკოსები ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ქმნიან... ამის საწინააღმდეგოდ მან აღნიშნა, რომ კონცერტზე საოცრად შესრულებული Rain, The Wizard, თუ Lady In Black, საღ ბუნებაზეა დაწერილი, მისი სიმღერებიდან უმდარესები, (ნეტავ რომელი?) კი – არაბუნებრივ კონდიციაში. 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კენ ჰენსლის სოლო ალბომებიდან შესრულებული კომპოზიციებია. მსმენელი მათ ხომ Uriah Heep-ის პერიოდის რეპერტუართან შედარებით, გაცილებით ნაკლებად იცნობს... აქ ერთიმეორეზე უკეთ შესრულდა, როგორც 2011 წლის ალბომიდან Sleeping Away, ასევე 2002, 1973, თუ 1975 წლის სოლო ალბომებიდან სიმღერები. მათ შორის კი კენ ჰენსლი მუსიკალურ წარსულზე, სიმღერათა შექმნის ისტორიასა და მომავალ გეგმებზე გვესაუბრებოდა, რაც როგორც ახალ საკონცერტო ალბომს, ასევე მისი თბილისში, უკვე საკუთარ ბენდ Live Fire-თან ერთად ჩამოსვლას მოიაზრებს...

ეს აუცილებლად მოხდება, თუკი რკინიგზის სახლში მისული საოცარი მსმენელი კენ ჰენსლის შემოქმედებას მომავალშიც ისეთივე ყოველდღიურ ყურადღებას დაუთმობს, როგორიც სახელოვანმა მუსიკოსმა  თავის ყოველდღიურ სიზმარს დაუთმო და საბოლოოდ თბილისურ კონცერტზე საოცრად დაკრულ The Wizard-ში გარდასახა... მსმენელთა და მუსიკოსის ჯამური ენერგეტიკა კი “ლოკომოტივ პრომოუშენის” ღირსეულ საზოგადოებას დამატებით მუხტს შესძენს მომავალ წელს “ბებერი ჰიპის” თბილისში დასაბრუნებლად...