"საქართველოს ბანკის" საინკასაციო სამსახური პარალიზებულია

"საქართველოს ბანკის" საინკასაციო სამსახური პარალიზებულია. სამსახურის თანამშრომლებმა დილიდან გაფიცვა დაიწყეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მათი ინტერესების დამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა აცნობა , ამ დროისთვის გაფიცვის აქციაში ჩართული არიან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები, საერთო ჯამში, მათი რაოდენობა დაახლოებით 80-ს შეადგენს.

"საინკასაციო სამსახურის თანამშრომლებმა გუშინწინ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს, თუმცა რადგან "საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელობის მხრიდან ინკასატორების მოთხოვნას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, დღეიდან ინკასატორებმა გაფიცვა გამოაცხადეს. საინკასაციო სამსახურის წარმომადგენლები ბანკში დაცვის პოლიციის შესვლის გამო შრომითი პირობების მოსალოდნელ გაუარესებას აპროტესტებენ, რაც ბანკის ხელმძღვანელობაც უკვე ოფიციალურად დაადასტურა და მოითხოვენ, რეორგანიზაციის პროცესში მათი ინტერესები იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილი.

ამასთან, ადვოკატის ცნობით, გაფიცული თანამშრომლები 11:00 საათზე, გაგარინის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისთან შეიკრიბებიან.
"საქართველოს ბანკმა" ინკასაციის სამსახურთან დაკავშირებით განცხადება 23 აპრილს გაავრცელა. ბანკი განცხადებაში ამ სამსახურის დაცვის პოლიციისთვის გადაცემას უსაფრთხოების მეტი გარანტიებით ხსნის.

"საქართველოს ბანკი" გადადის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზებული სამსახური - კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის პოლიცია ახორციელებს, რომელმაც ეს სერვისი ერთი წლის წინ დააარსა. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ახალი მომსახურების ეფექტურობა და დავწმუნდით, რომ ის მკვეთრად აუმჯობესებს ბანკის უსაფრთხოებას. ბანკის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინკასატორებს წინასწარ ეცნობათ. ამასთან, ბანკი მათ სრულად უხდის ანაზღაურებას, წლიური ბონუსის ჩათვლით, ხოლო, გათავისუფლების შემთხვევაში კანონით დადგენილ კომპენსაციასაც გადაუხდის. დამატებით კი მათ მიიღეს შეთავაზება, გაევლოთ გასაუბრება დაცვის პოლიციაში, ამ ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით", - განმარტეს "საქართველოს ბანკში".