სამუდამო პატიმრობამისჯილმა მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს

სამუდამო პატიმრობამისჯილმა მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს

გლდანის სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში მოთავსებულმა სამუდამო პატიმრობამისჯილმა მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს .

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "იმედს" ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, ეს გადაწყვეტილება პატიმრებმა მასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მინისტრის თქმით, ის პატიმრებს შეჰპირდა, რომ მათ მოთხოვნებზე პარლამენტთან ერთად იმუშავებდა.

"განაჩენის გადახედვა ჩვენი პრეროგატივა არ არის. ამისთვის არსებობს სასამართლო, გამოძიება, თუმცა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია, ეს გზა ჩიხშია შესული მანამ, სანამ არ შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნაზეც არის ლაპარაკი, იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში. ისინი ამბობენ, რომ თუ თავის დროზე უვადო თავისუფლებააღკვეთილებს შეეხოთ შეღავათი, ახლაც იქნებ მოიძებნოს ლეგალური გზა, რომ ეს შეღავათი შეეხოთ. პრეტენზია და მოთხოვნა გასაგებია და ვფიქრობ, ამ თემაზე ლაპარაკი შესაძლებელია პარლამენტის დონეზე. ასევე, შესაძლებელია პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ლიბერალიზაცია. მე მათ შევპირდი, რომ ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად. დავუკავშირდი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას და, სავარაუდოდ, კვირას ან ორშაბათს კიდევ ერთხელ შევხვდებით. მანამდე მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შიმშილობა შეწყვიტონ", - აღნიშნა სუბარმა.

სამუდამო პატიმრობამისჯილმა 75-მა პატიმარმა შიმშილობა მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით გამოაცხადა, ვინაიდან "ამნისტიის შესახებ" კანონი მათ არ შეხებიათ.