სოზარ სუბარი - ბაჩო ახალაიას დროს და მის შემდეგ ციხეებში მაყურებლები იყვნენ

სოზარ სუბარი - ბაჩო ახალაიას დროს და მის შემდეგ ციხეებში მაყურებლები იყვნენ

ბაჩო ახალაიას დროს და მის შემდეგ ციხეებში მაყურებლები იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გამოვლენილია ფაქტები, რომელთა მიხედვითაც, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ე.წ. მაყურებლები მართავდნენ, რომლებიც ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ.
"აქ მიდევს 2012 წლის 14 ნოემბერს ხელმოწერილი დასკვნა, რის შედეგადაც 5 თანამშრომელი გათავისუფლდა ქსნის მე-15 დაწესებულებიდან. გათავისუფლდნენ სწორედ მაყურებლებთან თანამშრომლობის გამო. აქ პირდაპირ ხელს ადებენ, რომ ეს თანამშრომლები მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ მაყურებლებთან. ეს მაყურებლები აგროვებდნენ ე.წ. "ობშჩიაკს", რომელიც შედგებოდა სიგარეტებისგან, სასაუბრო ბარათებისგან და სხვადასხვა პროდუქტებისგან. ამას უნაწილებდნენ ადმინისტრაციას. ადმინისტრაცია მაყურებლების მეშვეობით ამყარებდა წესრიგს და რაც ყველაზე საინტერესოა - თვითონ ეს თანამშრომლები, რომლებიც გავათავისუფლეთ, თავის ახსნა-განმარტებებში არ უარყოფდნენ, რომ ციხეში იყვნენ მაყურებლები. ერთ-ერთი მათგანი წერს, რომ 2011 წლის სექტემბერში გადავიდა ქსანში. ის წერს: "2011 წლის სექტემბერში, როდესაც მე გადავედი ქსანში, დამხვდა შემდეგი სიტუაცია. ზონაში იმყოფებოდნენ მაყურებლები, რომლებიც აკონტროლებდნენ დაწესებულებას. ესენი იყვნენ გურამ ახალაია, ვიტალი როგავა, ზაზა აიანიდი, მეტსახელად "წრიპა". ეს თანამშრომელი ადასტურებს, რომ იყვნენ მაყურებლები, მაგრამ უარყოფს თავის თანამშრომლობას მათთან. ეს იყო სიტუაცია, რაც ხდებოდა ბაჩოს დროს და ბაჩოს შემდეგ", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, რუსთავის მე-16 დაწესებულებაში, მაყურებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, მისი დანიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ არეულობის იმიტაცია მოხდა.
"როდესაც მე დავინიშნე მინისტრად, 2-3 დღეში გამოვცვალე ყველა ციხის დირექტორი. ზუსტად ორ დღეში, რუსთავის მე-16 დაწესებულებაში დაიწყო მასობრივი არეულობის იმიტაცია. არეულობა იყო გარეთ, მაგრამ შიგნით იყო იმიტაცია. იქ 6 მაყურებელი იყო დანიშნული და ჩვენს მიერ დანიშნულმა დირექტორმა გამოაცხადა, რომ მაყურებლები ვეღარ იქნებან და ადმინისტრაცია მართავს ციხეს. ამას მოჰყვა საოცარი პროტესტი სამოქალაქო საზოგადოებაში, რომლებმაც დაიჯერეს მაყურებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეს დირექტორი შევიდა და უთხრა, რომ ბაჩო ახალაია მონაგონი იქნებაო", - აღნიშნა სუბარმა.