"სდსს-მა ორი უცნობი პირი პრეზიდენტის სასახლის იმ ნაწილში შეუშვა, საიდანაც ნებისმიერი ინფორმაციის გატანა შეიძლება"

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის განცხადებით, სდსს-მა ორი უცნობი პირი პრეზიდენტის სასახლის იმ ნაწილში შეუშვა, სადაც შიდა საკომუნიკაციო ქსელიდან ნებისმიერი ინფორმაციის გატანა შეიძლება.

ამის შესახებ ბარნოვმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

"იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო, აქ მოქმედებდა ასეთი პრაქტიკა - თუ სატელეფონო ხაზებს რაიმე პრობლემა ექმნებოდა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოთხოვნით, შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი მოდიოდა და ამ პრობლემას აგვარებდა. დღეს, დღის პირველ ნახევარში ყოველგვარი მოთხოვნისა და ინფორმირების გარეშე ორი გაურკვეველი პიროვნება, რაღაც ვერცხილისფერი მანქანით მოვიდა და ამის შესაბამისი ვიდეოც არსებობს, გამოვითხოვეთ და მალე გვექნება. იმ შემოსასვლელიდან შემოვიდნენ, საიდანაც შემოსვლის უფლება მხოლოდ პრეზიდენტს, პატრიარქსა და პრემიერ-მინისტრს აქვს. არანაირი ნებართვა არ ჰქონდა დაცვას, რომ ისინი შემოაშვათ. ამის მიუხედავად, შემოუშვეს ეს ადამიანები. შემდეგ სახანძრო დაცვის წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე ამავე, ანუ პრემიერს დაქვემდებარებაში მყოფ დაცვის სპეციალურ სამსახურს ექვემდებარებიან, მათ ე.წ. სასერვეროს გასაღები გადასცეს. რაც შეეხება მეორე გასაღებს, რომელიც არის ე.წ. სვიჩრუმის გასაღები, ეს ძალიან სენსიტიური ადგილია, მათ თვითნებურად მოიპოვეს ჩვენი IT-ის სამსახური უჯრიდან, შევიდნენ ამ ოთახში, ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზნით. შემდეგ მოხდა, როდესაც ჩემმა მოადგილემ IT-ის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია გაიგეს, დაადგნენ თავზე და ჰკითხეს, თუ რას საქმიანობდნენ და რა უფლებით იყვნენ. ძალიან დაიბნენ ეს ადამიანები, არანაირი განმარტება არ მიუციათ. თქვეს, რომ ჩვენ ასე გვითხრეს და მოვედით, თუმცა ვინ უთხრა, ეს ვერ დაასახელეს. ყველაფერი სასწრაფოდ აკრიფეს და შენობა დატოვეს. მინდა, გკითხოთ თქვენ და მივმართო საზოგადოებას, რომ თავად დაარქვან სახელი რაც ხდება და რამდენად შეესაბამება იმ რეალობას, როდესაც პრემიერი და მისი გუნდი ამბობენ, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება დაცულია. პრეზიდენტის სასახლეში არსებული კომინიკაციები არის სრულიად დაცული და იზოლირებული და იქედან ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია მოხლოდდამხოლოდ ამ წერტილიდან, სადაც დღეს ჩვენთვის უცნობმა პირებმა შეაღწიეს. კიდევ ერთი კითხვით მივმართავ საზოგადოებას, როდესაც ასეთი რაღაც პრეზიდენტის სასახელში ხდება, მაშინ რა შეიძლება მოხდეს სხვაგან? როდესაც დღეს ჩვენი მთავრობა გვიმტკიცებს, რომ მოსმენები არ მიმდინარეობს, მაშინ რა უნდოდათ სრულიად დაუკითხვად ჩვენთვის უცნობ პირებს ამ შენობაში და სწორედ იმ ადგილას, სადაც სასახლის შიდა საკომუნიკაციო ქსელიდან ნებისმიერი ინფორმაციის გატანა შეიძლება", - განაცხადა ბარნოვმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს სათანადო სამსახურებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყონ და საზოგადოებას სასწრაფოდ მიეწოდოს სათანადო ინფორმაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე.