სასჯელაღსრულების სამინისტრო ციალა კაშიას განცხადებით პასუხობს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ციალა კაშიას განცხადებით პასუხობს

სასჯელაღსრულების სამინისტრო #16 დაწესებულებიდან გათავისუფლებული ექთნის, ციალა კაშიას დღევანდელ განცხადებებს განცხადებით პასუხობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, კაშია დაწესებულებაში მობილურის შეტანას ფარულად ცდილობდა. 

"2013 წლის 13 აპრილს, დაახლოებით, 11:30 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთანი, ციალა კაშია, ფარულად, შენიღბული სახით, ცდილობდა #16 დაწესებულებაში აკრძალული ნივთის (მარჯვენა წინდაში დამალული - ჩინური წარმოების მცირე ზომის მობილური ტელეფონი) შეტანას, თუმცა დაწესებულების შემოწმება-დათვალიერების ოთახში წარმოებული შესაბამისი ვიზუალური დათვალიერების დროს №16 დაწესებულების თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი იქნა ზემოხსენებული ნივთი, რაც თავადვე აღიარა ციალა კაშიამ", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, 2013 წლის 18 აპრილს მიღებული იქნა დასკვნა, რომლის საფუძველზეც ციალა კაშიას მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - "სამსახურიდან განთავისუფლება".

"მინისტრის №97 ბრძანების 50-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის შეტანა სპეციალური ნებართვის გარეშე, რომელსაც გასცემს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, რაც ციალა კაშიას მიმართ არ ყოფილა გაცემული. ამავე ბრძანების 51-ე მუხლით განსაზღვრულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესვლის წესი, რომელიც უგულებელყოფილი იქნა ციალა კაშიას მიერ. ამასთან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 14 აპრილის №5 ბრძანება განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლების მქონე პირთა წრეს, რომელშიც დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთანი არაა განსაზღვრული", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 378 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

"უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი კუთხით მსჯელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან არ მიღების შემთხვევაშიც კი, სამინისტროს გენერალური ინსპექცია დისციპლინური კუთხით უფლებამოსილია მოახდინოს რეაგირება ყოველ ამგვარ ფაქტზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაემორჩილოს სამინისტროში მოქმედ ბრძანებებს, წესდებებსა და დებულებებს, რომლებითაც განსაზღვრულია მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისგმებლობები", - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.