"ძალიან დავმეგობრდი პოლონელ დეპუტატთანაც კი, რომელმაც საკმაოდ გაუგებარი კითხვა დასვა"

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის დაუმეგობრდა პოლონელ დეპუტატს, რომელმაც ყველაზე მკაცრი შეკითხვა დაუსვა.

"ჩემი აზრით, სტრასბურგში ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო, უფრო კარგად და უფრო კრიტიკულად კი ჟურნალისტებმა უნდა შეაფასოთ. საერთოდ, საგარეო ვიზიტები, რომლებიც მქონდა, ვფიქრობ, რომ ყველგან მაქსიმალურად წარმატებული იყო. ამ მხრივ გამონაკლისი არც ევროსაბჭოა. ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა. გუშინდელი დღე ძალიან დატვირთული იყო. ყოველი სამი წუთი გაწერილი მქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ალბათ, მოხსენება, გამოსვლა ევროსაბჭოში, შეკითხვებზე პასუხი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბატონი მინიონის ინიციატივით სამუშაო სადილი გაიმართა, მან სტუმრებად მოგვიწივია, იქ რუსული დელეგაციის წევრებიც იყვნენ. რატომღაც არ მოეწონათ რაღაც ჟურნალისტებს. მე მოვახერხე გასაუბრება სუფრასთან, გავესუბრე ასევე პოლონელსაც, რომელმაც ყველაზე მკაცარი კითხვა დამისვა. ამას რატომღაც ყურადღება არ მიაქციეს. ძალიან დავმეგობრდი პოლონელ დეპუტატთანაც კი, რომელმაც საკმაოდ გაუგებარი კითხვა დასვა. მე მგონი, ამ მოკლე დროში ყველასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ. აინტერესებდათ ახალი გუნდი და დაგვინახეს. მგონი, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება იოლი არ იქნება, თუმცა დასაწყისი კარგია.

"მე მგონია, არ იქნება იოლი პერსპექტივა რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ დასაწყისი კარგია. სწორი ქცევით ჩვენ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა დავიწყეთ, რაც კარგად მიმდინარეობს. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთთან საბოლოო ურთიერთობის აღდგენას, ამას დრო დასჭირდება. მოკლე დროში შეიძლებოდა ის, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა გააკეთა – ჩიხში შესვლა. შესვლა ადვილია, თუმცა გამოსვლა იოლი არ არის. მე გარწმუნებთ, რომ აუცილებლად გამოვალთ ჩიხიდან, დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს და მეგობრულ ურთიერთობებს დავამყარებთ ჩვენს დიდი მეზობელთან", - დასძინა ივანიშვილმა.