დავით ზალკალიანი აშშ-ს გერმანული მარშალის ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

დავით ზალკალიანი აშშ-ს გერმანული მარშალის ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი აშშ-ს გერმანული "მარშალის ფონდის" პრეზიდენტს, კრეიგ კენედის შეხვდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან მაღალი დონის ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები და ანალიტიკოსები. მათი ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, რეგიონული მნიშვნელობის საკითხების და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების უფრო ახლოს გაცნობა.
როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, ეს იყო ძალიან საინტერესო და დატვირთული კითხვებით შემდგარი შეხვედრა. მისი თქმით, მათ კოლეგებს გაუზიარეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი ხედვა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საუბარი იყო იმ დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც მიმდინარეობს. ძირითადად ყურადღება გამახვილდა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას.

"ვფიქრობ, მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ყველა ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით. იყო მრავალი შეკითხვა, კერძოდ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, იყო შეკითხვები ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. ჩვენი სტუმრებიც ასევე კმაყოფილები აღმოჩნდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ძალიან მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, იმ რეფორმებს, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში. ძალიან დადებითად და პოზიტიურად შეფასდა პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლა სტრასბურგში, სადაც გაჟღერებული იყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა ძირითადი ასპექტი", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა.