ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე გაათავისუფლეს

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე გაათავისუფლეს

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე გათავისუფლდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.

"სასამართლო პროცესი არ გამართულა და შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობა არ გამართულა, თუმცა ის გათავისუფლდა. აღნიშნული საპროცესო კანონმდებლობით შესაძლებელია და ესაა პროკურატურის უფლება", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, გათავისუფლების მიუხედავად აბსანძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და მას ნარკოტიკების განზრახ შენახვა-შეძენას ედავებიან.

"ბრალის გადაკვალიფიცირება არ მომხდარა – ირაკლი აბანძეს ბრალი ნარკოტიკების განზრახ შენახვა-შეძენისთვის წაუყენეს, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მას არ აღიარებს და ამბობს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი რა იდო ამანათში, რომელიც გამოუგზავნეს. როცა პროკურატურა ბრალის წარდგენისას იყენებს სიტყვას "განზრახ", ეს ნიშნავს, რომ დაკავებულმა პირმა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ უნდა იცოდეს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ აბსანძის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდეს", - აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

სამართალდამცავებმა ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე წუხელ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, აბსანძეს მეგობარმა საფრანგეთიდან ამანათი გამოუგზავნა, რომელშიც სამართალდამცავებმა "მარიხუანა" აღმოაჩინეს.

შსს-ის ინფორმაციით, საქმე აღძღულია 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ირაკლი აბსანძე ტელეკომპანია "მე 9" არხის პროდიუსერი იყო. ამჟამად ის "ლიბერალში" მუშაობს და პარალელურად, რამდენიმე უცხოური საინფორმაციო სააგენტოსთვის სტატიებს წერს.