შსს - ბოსტონის ტერაქტის მომწყობი ტამერლან ცარნაევი საქართველოში საერთოდ არ არის ნამყოფი

შსს - ბოსტონის ტერაქტის მომწყობი ტამერლან ცარნაევი საქართველოში საერთოდ არ არის ნამყოფი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "იზვესტიაში" გავრცელებულ ინფორმაციასთან რაიმე კავშირს უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ტამერლან ცარნაევი საქართველოში ნამყოფი საერთოდ არ არის. 

რაც შეეხება გრიგოლ ჭანტურიას, რომლის ანგარიშსაც "იზვესტია" წყაროდ ასახელებს, ნინო გიორგობიანის განმარტებით, პირი მსგავსი სახელით და გვარით არც ადრე ირიცხებოდა და არც ახლა მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

რუსულმა გამოცემა "იზვესტიამ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი ტამერლან ცარნაევი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებზე გაიწვრთნა.

გამოცემა ირწმუნება, რომ ხელში ჩაუვარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქართული ორგანიზაცია "კავკასიური ფონდი", ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია "ჯეიმსთაუნთან" თანამშრომლობით, ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა აშშ-ისა და საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადაბირებაზე მუშაობდა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის, გრიგოლ ჭანტურიას ანგარიშის თანახმად, რომელიც მან შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა, "კავკასიური ფონდი" ფონდ "ჯეიმსთაუნთან" ერთად 2012 წელს ატარებდა ღონისძიებებს და სემინარებს კავკასიის, მათ შორის მისი რუსული ნაწილის ახალგაზრდა მცხოვრებლებისთვის. რამდენიმე სემინარში მონაწილეობდა ტამერლან ცარნაევიც, რომელიც 2012 წლის ივლისიდან რუსეთში იმყოფებოდა. ჭანტურია წერს, რომ "კავკასიური ფონდი" 2008 წლის 7 ნოემბერს, ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ, ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად შეიქმნა. შესაბამის დეპარტამენტში შევიდა სადაზვერვო ოპერაცია, სახელწოდებით "დარიალი". ფონდის ძირითად ამოცანას რუსეთის სამხრეთ რეგიონებში არასტაბილურობისა და ექსტრემისტული განწყობების გასაძლიერებლად ჩრდილო კავკასიის ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის გადაბირება წარმოადგენდა", - წერს "იზვესტია".

გამოცემის ინფორმაციით, ჭანტურიას ანგარიშში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის დასაფინანსებლად "ყოველთვიურად 33 ათასი ლარი გამოიყოფოდა, ორგანიზაციის შექმნიდან 2013 წლის 1-ელ იანვრამდე მის დასაფინანსებლად გამოყოფილმა თანხამ 4,058 მილიონ ლარი შეადგინა".

"დოკუმენტში საუბარია, რომ "კავკასიური ფონდი" აზერბაიჯანისა და დაღესტნის სამ სასაზღვრო რაიონში მუშაობდა – ზაქათალის, კახისა და ბელოკანის. ამავდროულად, თბილისის კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი დასვკნაში აცხადებს, რომ ჩეჩნეთში საქართველოს სპეცსამსახურები "კავკასიური ფონდის" და "ჯეიმსთაუნის" მეშვეობით პოულობენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თანაუგრძნობენ საქართველოს. ამ ადამიანებს უმნიშვნელო მიზეზებით სხვადასხვა ღონისძიებებზე იწვევენ. ამ სემინარებზე კი ხდება რუსების გადაბირება და მათ ტერორისტული აქტებისთვის ამზადებენ", - წერს "იზვესტია".