ჯონ ქერი მაია ფანჯიკიძეს შეპირდა, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვა

ჯონ ქერი მაია ფანჯიკიძეს შეპირდა, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოში დაპატიჟა. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთამ შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტზე საუბარი არ ყოფილა.

"პრემიერის ვიზიტზე, საერთო ვიზიტებზე არ გვისაუბრია. მე დავპატიჟე ბატონი ქერი საქართველოში და ის შემპირდა, რომ აუცილებლად ჩამოვა. ჩვენ ვილაპარაკეთ ყევლა თემაზე, რომელიც ეხება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში შეტანილი წვლილისათვის.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ქერი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პროცესებით, ასევე დაინტერესდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროგრესით, რომელიც ფანჯიკიძის განცხადებით, ამერიკელმა კოლეგამ მაღალ დონეზე შეაფასა.

"ასევე ვისაუბრეთ ქარტიის ფარგლებში თანამშრომლების საკითხებზე", -აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.