დავით უსუფაშვილი - ქართული მხარე აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კონტაქტით დაინტერესებულია

დავით უსუფაშვილი - ქართული მხარე აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კონტაქტით დაინტერესებულია

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქართული მხარე დაინტერესებულია, აფხაზებთან და ოსებთან ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტი. ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს მარშალისა და ბოშის ფონდების ორგანიზებით, უცხოელ ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებს. ექსპერტები დაინტერესდნენ, როდის დასრულდება პარლამენტის თბილისში დაბრუნების პროცესი და როგორ გაგრძელდება რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით.

"ძალიან მეგობრული, საინტერესო საუბარი იყო. ისინი ხვდებიან როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბოშის ფონდების წარმომადგენელი დიტერ ბოდენი ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც ის ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.