"აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი და მოლაპარაკებების წარმოების არანაირი მანდატი არ მქონია"

"რობერტ ბოშის ფონდის" კონსულტანტის დიტერ ბოდენის განცხადებით, ის აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და არანაირი მანდატი მოლაპარაკებების წარმოებისა, არ ჰქონია.

ამის შესახებ ბოდენმა ჟურნალისტებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მას აფხაზათში აქვს პერსონალური კონტაქტები და იქ არსებული სიტუაციის გასაცნობად იყო ჩასული, თუმცა უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთება მედიის წარმომადგენლებთან ბოდენმა არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ დიტერ ბოდენი ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, სადაც იგი დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.

აფხაზური მედიის ცნობით, ბოდენმა ანქვაბს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს".

როგორც აფხაზური მედია იუწყება, "შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობებს შეეხო. ანქვაბმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი მეზობელი ქვეყნის ახალი ხელისუფლებისგან საკვანძო საკითხებში პოზიციის ცვლილებას არ ელის".

"თავდაპირველად, საჭიროა მშვიდობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, თუმცა ჯერჯერობით ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ბოდენმა ასევე აღნიშნა, რომ "აფხაზეთში მისი მუშაობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა" და ქალაქების დათვალიერების სურვილი გამოთქვა.

"მსურს, აფხაზეთი უფრო კარგად გავიცნო", - აღნიშნა ბოდენმა.

თავის მხრივ, ალექსანდრე ანქვაბმა დიტერ ბოდენი დასასვენებლად აფხაზეთში მიიწვია.