ნანა კაკაბაძემ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით აქცია მაისისთვის გადადო

ნანა კაკაბაძემ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით აქცია მაისისთვის გადადო

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით აქციის გამართვა მაისისთვის გადადო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კაკაბაძემ განუცხადა, აქცია სავარაუდოდ, სპორტის სასახლეში ჩატარდება, ის აუცილებლად მაისში გაიმართება, თუმცა ზუსტი რიცხვი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
ამასთან, კაკაბაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყოფილ პოლიტპატიმრებში სხვადასხვა საკითხებთან, მათ შორის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა და აქციის გადადების მიზეზიც სწორედ ეს არის.

მისი განმარტებით, 14 აპრილს სპორტის სასახლეში აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგის გამო არ ჩატარდა.
"ხელისუფლების მხრიდან იყო თხოვნა, რომ აქცია პროვოკაციისთვის არ ყოფილიყო გამოყენებული და ამიტომ გადაიდო. 21 აპრილს კი მხოლოდ და მხოლოდ პრესკონფერენცია უნდა გამართულიყო, სადაც თარიღი გამოცხადდებოდა", - განმარტა კაკაბაძემ.

მისივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე დაფუძნდება ორგანიზაცია, სახალხო მოძრაობა "სამართლიანობა უნდა აღდგეს", რომელსაც თავმჯდომარე არ ეყოლება, შეიქმნება საზოგადოებრივი ჯგუფი - კომისია, რომელშიც დაზარალებული ჯგუფებიდან თითო ადამიანი გაერთიანდება. მისი მიზანი ხელისუფლებისთვის იმ ინფორმაციების მიწოდება იქნება, რომელიც რეჟიმის შეფასებას შეუწყობს ხელს.

"ამ მოძრაობას ის ადამიანები შექმნიან, რომლებიც სპორტის სასახლეში იქნებიან, რეჟიმის მსხვეპლები, რომლებიც ამ ხელისუფლებიდან 9 წლის განმავლობაში დაზარალდნენ. უკანონო პატიმრები, ქონება და ბიზნეს წართმეულები", - დასძინა მან.

ყოფილი პოლიტპატიმრების ინიციატივით, სპორტის სასახლეში რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით თავდაპირველად აქცია 14 აპრილს, 14:00 საათზე უნდა გამართულიყო.