ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩხრეკის ამსახველი ვიდეო გადასცეს

ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩხრეკის ამსახველი ვიდეო გადასცეს

სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებიდან გათავისუფლებული ექთანი ციალა კაშია მინისტრ სოზარ სუბარს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში ადანაშაულებს.
ციალა კაშია დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს. მან ჟურნალისტებს ვიდეომასალა გადასცა, რის საფუძველზეც სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. ციალა კაშია ამავდროულად სასწრაფო სამედიცინო დახმარების უმცროს ექიმად მუშაობდა და მის მიმართ აღძრულ საქმეს სწორედ ამ პერიოდს უკავშირებს.
როგორც მან აღნიშნა, სასწრაფოდან გათავისუფლების შემდეგ შიმშილობდა სასწრაფოს დანარჩენ სხვა გათავისუფლებულ ექიმთან ერთად და "ნაციოანლებთან" დაახლოებულ არაერთ პირს ნიღაბი ჩამოხსნა, რის შემდეგაც მასზე დევნა დაიწყო და სასჯელაღსრულების სისტემაში დარჩენილმა პირებმა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებენ, მასზე შური იძიეს.
კერძოდ, როგორც ციალა კაშია აცხადებს, მიმდინარე წლის 12 აპრილს მივიდა #16 დაწესებულებაში, რა დროსაც ჩაუტარდა შემოწმება, თუმცა კანონის უხეში დარღვევით. კერძოდ, ციალა კაშია განცხადებით, იგი საჩხრეკ ოთახში შეიყვანეს, ამოწმებდნენ, პროცედურულად ფეხსაცმელი უნდა გაეხადა, ამ დროს უკანა ჯიბიდან მობილური ამოუვარდა, რომელიც მაგიდაზე დადო, რის შემდეგაც დაიწყეს მისი გაშიშვლება და აპირებდნენ, რომ ჩაეტარებინათ გინეკოლოგიური შემოწმება.

"ამ შემოწმებას მიტარებდა უცხო პირი, რომელიც დაწესებულების თანამშრომლად გამაცნეს - ქეთევან რამაზაშვილი, რომელიც რეალურად კი დაწესებულების თანამშრომელი არ იყო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ კანონის უხეში დარღვევით მამოწმებენ. მობილური საჩხრეკ ოთახში ჩვეულებრივი მომენტია, თუმცა მიუხედავად ამისა, ბრალად წამიყენეს ფარულად მობილურის შეტანის მცდელობა დაწესებულებაში. ქეთევან რამაზაშვილი ასრულებდა პროკურორ ბაკურ აბულაძის დავალებას, რომელიც "ნაციონალებთან" დაახლოებული პირია, კერძოდ, ქალაქის პროკურორის ყოფილი მოადგილე. პროკურორი კი მოქმედებდა "ნაციონალების" დავალებით, რომლებიც ჩემზე ანგარიშსწორებას ცდილობენ სასწარაფოდან წამოსვლის შემდეგ მათზე გაკეთებული განცხადებების გამო", - აცხადებს ციალა კაშია.

მისივე თქმით, ვიდეომასალა, რომელიც დღეს მედიას გადაეცა, ასახავს, როგორიც უფლებების დარღვევით ხდებოდა მისი შემოწმება. ამასთან, ციალა კაშიას თქმით, პირი, რომელიც ჩხრეკას უტარებდა, მისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადებას ცდილობდა.

"აღნიშნული ვიდეოფირის გამჟღავნებას ბრალდების მხარე გვიკრძალავდა, თუმცა დღეს ჟურნალისტებს მაინც გადავეცი იგი", - განაცხადა ციალა კაშიამ, რომლის მიმართ დაწესებულებაში ფარულად მობილური ტელეფონის შეტანის მცდელობის ბრალდებით საქმეა აღძრული, საქმის არსებითი განხილვა 30 მაისისთვის არის ჩანიშნული.
ციალა კაშია საგამოძიებო სამსახურში დღეს უკვე მეორედ დაიბარეს. როგორც ის ამბობს, სასჯელარსრულების სამინისტროს საგამოძოებო დეპარტამენში კითხვებს იგივე ბრალთან დაკავშირებით უსვამენ, რაც უკვე წაყენებული აქვთ და ვარაუდობს, რომ სასჯელაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტში მას დამატებითი ბრალის წარდგენა ემუქრება.
რაც შეეხება სოზარ სუბარის მისამართით ციალა კაშიას განცახდებას, ბრალდებულმა "ინტერპრესნიუსს" გააცნო მინისტრის 13 აპრილის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ციალა კაშია სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებიდან ფარულად მობილური ტელეფონის შეტანის გამო თავისუფლდება.

"ეს არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო პროცესები არ დასრულებულა და განაჩენი შესაბამისად არ დამდგარა. მინისტრი კი ბრძანებით ამტკიცებს, რომ ციალა კაშია ბრალდებულია", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

ციალა კაშიას ინფორმაციით, მის მიმართ ზეწოლა და ანგარისშწორება დაიწყო იმ მოტივით, რომ "ნიღაბი ჩამოხსნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დირექტორს კახა ჩიხრაძეს, ასევე მის მოადგილეებს დავით სალაღაიასა და ირმა ნერგაძეს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთებს ასრულებდნენ, მათ შორის, როგორც ციალა კაშია ამბობს, ირმა ნერგაძე "ნაციონალების" ერთ-ერთი შტაბის თავმჯდომარე იყო".
"ეს ადამიანები ასრულებდნენ მამუკა ქაცარავას დავალებებს და სწორედ მათი ანგარიშსწორება ხორციელდება ჩემზე", - განაცხადა ციალა კაშიამ.