"იზვესტია" - ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი საქართველოს სპეცსამსახურების სემინარებზე გაიწვრთნა

ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი ტამერლან ცარნაევი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებზე გაიწვრთნა, - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა "იზვესტია" ავრცელებს.

გამოცემა ირწმუნება, რომ ხელში ჩაუვარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქართული ორგანიზაცია "კავკასიური ფონდი", ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია "ჯეიმსთაუნთან" თანამშრომლობით, ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა აშშ-ისა და საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადაბირებაზე მუშაობდა.

"იზვესტიას" ინფორმაციით, "ჯეიმსთაუნის" დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში "აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი" ზბიგნევ ბზეჟინსკი შედიოდა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის, გრიგოლ ჭანტურიას ანგარიშის თანახმად, რომელიც მან შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა, "კავკასიური ფონდი" ფონდ "ჯეიმსთაუნთან" ერთად 2012 წელს ატარებდა ღონისძიებებს და სემინარებს კავკასიის, მათ შორის მისი რუსული ნაწილის ახალგაზრდა მცხოვრებლებისთვის. რამდენიმე სემინარში მონაწილეობდა ტამერლან ცარნაევიც, რომელიც 2012 წლის ივლისიდან რუსეთში იმყოფებოდა. ჭანტურია წერს, რომ "კავკასიური ფონდი" 2008 წლის 7 ნოემბერს, ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ, ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად შეიქმნა. შესაბამის დეპარტამენტში შევიდა სადაზვერვო ოპერაცია, სახელწოდებით "დარიალი". ფონდის ძირითად ამოცანას რუსეთის სამხრეთ რეგიონებში არასტაბილურობისა და ექსტრემისტული განწყობების გასაძლიერებლად ჩრდილო კავკასიის ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის გადაბირება წარმოადგენდა", - წერს "იზვესტია".

გამოცემის ინფორმაციით, ჭანტურიას ანგარიშში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის დასაფინანსებლად "ყოველთვიურად 33 ათასი ლარი გამოიყოფოდა, ორგანიზაციის შექმნიდან 2013 წლის 1-ელ იანვრამდე მის დასაფინანსებლად გამოყოფილმა თანხამ 4,058 მილიონ ლარი შეადგინა".

"დოკუმენტში საუბარია, რომ "კავკასიური ფონდი" აზერბაიჯანისა და დაღესტნის სამ სასაზღვრო რაიონში მუშაობდა – ზაქათალის, კახისა და ბელოკანის. ამავდროულად, თბილისის კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი დასვკნაში აცხადებს, რომ ჩეჩნეთში საქართველოს სპეცსამსახურებმა "კავკასიური ფონდის" და "ჯეიმსთაუნის" მეშვეობით პოულობენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თანაუგრძნობენ საქართველოს. ამ ადამიანებს უმნიშვნელო მიზეზებით სხვადასხვა ღონისძიებებზე იწვევენ. ამ სემინარებზე კი ხდება რუსების გადაბირება და მათ ტერორისტული აქტებისთვის ამზადებენ", წერს "იზვესტია".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ თემაზე კომენტარს უახლოეს ხანში გააკეთებს.