გიორგი მარგველაშვილი სასკოლო სახელმძღვანელოების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს

გიორგი მარგველაშვილი სასკოლო სახელმძღვანელოების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოების შესახებ გადაწყვეტილება მისი მინისტრობის პერიოდში არ შეიცვლება.

როგორც მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფის წერილის კომენტირებისას განაცხადა, ის გაეცნო ამ წერილს და წერილის ავტორებს მოუწოდებს გაეცნონ თუ რა რეაქცია აქვს საქართველოს მოსახლეობას ამ საკითხთან დაკავშირებით.

"მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მივისწრაფით თავისუფალი ბაზრის შექმნისკენ. მოვუწოდებთ წერილის ავტორს კარგად ჩაიხედოს ვითარებაში, სანამ წერილს მოგვწერს დაგვიკავშირდეს კითხვებით. მე სამსახურში ამიყვანა და დამიქირავა საქრთველოს მოსახლეობამ და თავის ჯიბიდან ისინი ყოველ თვე მიხდიან ხელფასს. მე მათი დაქირავებული ვარ და მათ ინტერესებს ვახორციელებ და არა რომელიმე, თუნდაც ძალიან პატივსაცემი არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს. ეს ევროპული იქნება, თუ სხვა ქვეყნის, უმჯობესი იქნება დაინტერესდნენ რა რეაქცია აქვთ საქართველოს მოსახლეობას ამ საკითხთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფის წერილი გუშინ გავრცელდა. როგორც წერილშია ნათქვამი, ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ შეატყობინა, რომ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების გამო ქართული წიგნის ბაზარი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

"2013 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამომცემლობებთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე გააკეთა ოფიციალური განცხადება, იმის შესახებ, რომ 2013-14 სასწავლო წლებში სასკოლო სახელმძღვანელოები დაიბეჭდება და დარიგდება უფასოდ. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჰუმანური აქტია და გასაგებია, რომ გამომცემლები მზად არიან მხარი დაუჭირონ ხელისუფლების გადაწყვეტილებას სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების შესახებ, მაგრამ აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან გამომცემელთა საავტორო და ინტელექტუალური უფლებების ძალადობრივ დარღვევას. ხელისუფლების გადაწყვეტილება სერიოზულ გავლენას მოახდენს ქართულ საგამომცემლო ბიზნესზე. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში განათლების სამინისტრო ადგენდა კურიკულუმს და იწვევდა გამომცემლობებს, რათა მათ შესაფასებლად წარმოედგინათ თავიანთი სახელმძღვანელოები. მხოლოდ ხელისუფლებისგან თანხმობის მიღების შემდეგ შეეძლოთ გამომცემლებს დაებეჭდათ ისინი და წარედგინათ მასწავლებლებისათვის შესაფასებლად და ასარჩევად. სკოლები ირჩევდნენ სახელმძღვანელოებს, მშობლებს კი უხდებოდათ მათი შეძენა. სამი წლის წინ მთავრობამ დაიწყო გამომცემლობებისგან სახელმძღვანელოების შეძენა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რადგან ერთი ცალი წიგნის ფასი (4,5 ევრო) ხელმისაწვდომი არ იყო მთელი საზოგადოებისთვის. თუმცა სიტუაცია დრამატულად შეიცვალა აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ: ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაებეჭდა წიგნები გამომცემლობებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, რომლებიც სახელმძღვანელოების ინტელექტუალური საკუთრების მფლობელები არიან, რითაც მთლიანად უგულვებელყო მათი უფლება მიიღონ დადგენილი შემოსავალი ხელშეკრულების პირობების თანახმად, რომელიც მოიცავს საინვესტიციო შემოსავლებს, ავტორთა ჰონორარებსა და ლოგიკურ მოგებას", - ნათქვამია წერილში.
ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფის განცხადებით, ამ ახალი ინიციატივის შედეგად საქართველოში სახელმძღვანელოების გამომცემელთა უმრავლესობა გაკოტრდება.