საქართველო ნატო-ს ავღანეთიდან ტვირთების გადაზიდვას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით სთავაზობს

საქართველო ნატო-ს ავღანეთიდან ტვირთების გადაზიდვას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით სთავაზობს

საქართველო ნატო-ს ავღანეთიდან ტვირთების გადაზიდვას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით სთავაზობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ნატოს მინისტერიალზე ISAF-ის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ISAF-ის შეხვედრაზე მან ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ამჟამად, საქართველო ავღანეთში 1700-მდე სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი და 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს ავღანეთში საკუთარ კონტრიბუციას.
მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ ისაუბრა მთავრობის ინიციატივაზე და ალიანსის ავღანეთიდან ტვირთების უკუ-ტრანზიტისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი შესთავაზა.

"ჩვენ ამ საკითხზე ყოველთვის ვსაუბრობთ ნატოელ პარტნიორებთან. პირველად ეს ინიციატივა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. ინტერესი ამ სარკინიგზო მონაკვეთის მიმართ ძალიან დიდია. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა ამის შესახებ საკუთარ გამოსვლაში. ანუ ეს არის სამი ქვეყნის ერთობლივი პროექტი, რომელიც ნატო-სთვის შეიძლება იყოს საინტერესო. როდესაც 2014 წლის შემდეგ დაიწყება ავღანეთიდან სამხედრო შენაერთების გაყვანა და სამხედრო ტვირთების გამოტანა, ეს არის უმოკლესი და შეღავათიანი გზა. ამიტომ, ეს დადებითად იქნა აღქმული დღევანდელ შეხვედრაზეც. დარწმუნებული ვარ, ეს წინადადება მისაღები გახდება ნატო-სთვის", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს მინისტერიალში მიიღო მონაწლეობა. მაია ფანჯიკიძე ISAF-ის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.