მამუკა ჟღენტი - ვერც იმას ვიტყვი, რომ ევროპა გავაკვირვეთ და ვერც იმას, რომ თავი შევირცხვინეთ

მამუკა ჟღენტი - ვერც იმას ვიტყვი, რომ ევროპა გავაკვირვეთ და ვერც იმას, რომ თავი შევირცხვინეთ

ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ევროსაბჭოში გამოსვლით ევროპა არც აღშფოთებულია და არც აღტაცებული, - ამის შესახებ მამუკა ჟღენტმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

"ვერც იმას ვიტყვი, რომ ევროპა გავაკვირვეთ და ვერც იმას, რომ თავი შევირცხვინეთ. ჩვენი პოლიტიკური სივრცე საკმაოდ პოლარიზებულია და დღეს, მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ რადიკალური შეფასებები კეთდება", - აღნიშნა გუშინ ყოფილმა ელჩმა.

მისივე თქმით, ივანიშვილის ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი, რადგანაც პრემიერმა თავისი და მისი გუნდის პოზიცია ევროპის საბჭოს ფორმატში დააფიქსირა. "ეს მშვენიერი ფორმატია, რომ ქვეყანამ თავისი პოზიცია გააცნოს საერთაშორისო თანამეგობრობას. რაც შეეხება პერფორმანსს, ეს გემოვნების საკითხია. იყო ბევრი გზავნილი დაფიქსირებული, რაც ქვეყნისთვის აუცილებელი და სასიკეთოა, თუნდაც ის, რომ პრემიერმა განაცხადა - იყო აგრესია რუსეთის მხრიდან და საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. თუმცა, იყო გზავნილები, რომელსაც, ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული რეკომენდაციის მიცემა, ნამდვილად ვურჩევდი პრემიერს, ეს გზავნილები ამ ფორმით არ დაეფიქსირებინა. მაგალითად, ეს არის აფხაზებისა და ოსების მონაწილეობა ევროპის საბჭოში. იგივე, სადაც საუბარი იყო მაგნიტსკის საკითხზე, იმ ფორმატში ამ საკითხზე უნდა დაეფიქსირებინა ივანიშვილს თავისი პოზიცია", - განაცხადა ჟღენტმა. მანვე აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ პრემიერის გუნდი ბიძინა ივანიშვილის უფრო კარგ ინფორმირებას მოახდენდა.