"ოსეთიც და აფხაზეთიც საქართველოს ნაწილია და მათ ჩვენ დელეგაციასთან ერთად, საშუალება ექნებათ ყოველთვის ევროსაბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ნაწილია, მათ საშუალება ექნებათ PACE-ს მუშაობაში ქართულ დელეგაციასთან ერთად მიიღონ მონაწილეობა.

ამის შესახებ ივანიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ალექსეი პუშკოვის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც PACE-ში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დელეგაციების დაშვების შესაძლებლობით დაინტერესდა.

"ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კოსოვო შესაძლებელია აქ წარმოდგენილი იყოს ორი პიროვნებით, ხმის უფლების გარეშე, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას PACE-ს მუშაობაში. მაგრამ რჩებიან მცირე ერები, რომელთაც არ აქვს ასეთი წარმომადგენლობა, საუბარი მაქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. როგორია თქვენი დამოკიდებულება იმისადმი, რომ აფხაზებს და ოსებს მიეცეთ საშუალება, რომ მათი ხმა აქ მოვისმინოთ?", - აღნიშნა პუშკოვმა.

"მე ვფიქრობ, რომ ზოგადად, ოსეთიც და აფხაზეთიც, ეს საქართველოს ნაწილია, შესაბამისად, ოსებსაც და აფხაზებსაც ჩვენს დელეგაციასთან ერთად, რა თქმა უნდა, საშუალება ექნებათ ყოველთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა ევროსაბჭოს მუშაობაში. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ თქვენს შეკითხვას და კოსოვოს მაგალითს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ კოსოვო არათუ ზღუდავდა, თვითონ იწვევდა საერთაშორისო დამკვირვებლებს, აბსოლუტურად გახსნილი იყო ყოველგვარი თანამშრომლობისთვის, რაც საუბედუროდ, არ ხერხდება დღეს და ჩვენ ელემეტარულ მონიტორინგს ვერ ვახორციელებთ აფხაზეთსა და ოსეთში. იქ ჰუმანიტარული აქციების განხორციელების საშუალებაც არ არსებობს. ამმხრივ საუბედუროდ, ისინი დახურული არიან, შესაბამისად, ასეთ პერსპექტივას ვერ ვხედავ", - განაცხადა ივანიშვილმა.