„სია მაინცდამაინც ახლა იმიტომ გამოაქვეყნეს, რომ ალბათ უნდათ ხალხი გააღიზიანონ“.

„სია მაინცდამაინც ახლა იმიტომ გამოაქვეყნეს, რომ ალბათ უნდათ ხალხი გააღიზიანონ“.

ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს საკუთარ ქველმოქმედებაზე საუბარი, მაგრამ მისი ქველმოქმედებაც, ბოლო დროს, განსჯის საგნად იქცა. არავინ დავობს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც მეცნიერები შიმშილით იხოცებიან, სადაც ევგენი ხარაძეს საკადრისი პატივი ვერ მიაგეს და, სადაც გოდერძი ჩოხელმა საკუთარი პროტესტი თვითმკვლელობის მცდელობით გამოხატა, დახმარება აუცილებელი კი არა, ნებისმიერი შეძლებული ადამიანის მოვალეობაა.

მსახიობი დოდო ჭიჭინაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების იმედად იყო და ლოცავდა ბიზნესმენს, რომელიც მსახიობს არაერთი ოჯახის დახმარების საშუალებას აძლევდა. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც მარტო სათავისოდ ესმოდათ ბიზნესმენის დახმარება და არავის უნაწილებდნენ სოლიდურ თანხებს.  ერთ-ერთი შეძლებული ადამიანის ოჯახში ყოფნისას, ივანიშვილის ფინანსებით ფრთაშესხმულმა ოჯახის დიასახლისმა მეუღლეს მიმართა, ახლავე ჯიპით ჩავალ ბაზარში და საჭმელს ამოვიტანო. ეს მაშინ, როცა ბაზარი გვერდით ჰქონდათ და ხალხს კი, ამ ბაზარში შესვლისთვის არათუ ჯიპით გასეირნება, უბრალო საჭმლის ყიდვაც არ შეეძლო. სხვათაშორის, ამავე ოჯახმა სიამოვნებით მიიღო ხელისუფლებისგან მიძღვნილი საახალწლო ინდაური. მაგრამ ეს თავად ამ ადამიანების პრობლემაა და არა - ბიზნესმენის, რომელიც ენდო იმას, რომ ამ ადამიანებს მართლაც უჭირდათ...

ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძლებული ადამიანებისთვის გაღებულმა თანხებმა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ამ სიაში მოხვდნენ ნანი ბრეგვაძე (5000 ლარი), ვახტანგ კიკაბიძე (5000 ლარი), გიორგი ასანიძე, ნინო ანანიაშვილი... ალბათ, მშიერ ადამიანს, მრავალშვილიან გაჭირვებულ დედას, ვერაფრით განუმარტავ, რომ ფული ბიძინა ივანიშვილისაა და ვისაც უნდა, მას დაეხმარება. ბოლო დროს ხშირად ისმის შეკითხვები, რატომ აფინანსებენ ისედაც შეძლებულ ადამიანებს, რომელთაც ისიც ეყოფათ, რომ სპორტული დამსახურებისთვის ზოგმა „ოლიმპიური ვარსკვლავი“ მიიღო და ბინათმშენებლობის ბიზნესს მიჰყო ხელი, ზოგმა კი - „ვენახები“. მით უფრო, რომ გაჭირვების დროს უბრალო ხალხი უფრო მეტ ერთგულებას იჩენს ადამიანისადმი, ვიდრე ისინი, ვინც ცალი ხელით ხელისუფლებისგან მირთმეულ ინდაურს ებღაუჭებიან, ცალი ხელით კი ივანიშვილის დახმარებას. თუმცა ივანიშვილზე მეტად ეს შეკითხვა ალბათ, იმ ადამიანების მიმართ უნდა დაისვას, რომლებიც შეძლებულები არიან და კიდევ ბიზნესმენისგან ელიან დახმარებას?! ახსენეს ნინო ანანიაშვილიც, რომელსაც, როგორც შეძლებულ ადამიანს, ე.წ. პიონერთა სასახლის შესყიდვაც ჰქონდა გადაწყვეტილი, ახსენეს გიორგი ასანიძეც, ნაციონალების ერთგული სპორტსმენი და პარლამენტარი, რომელიც, სხვათაშორის, დაჟინებით არ პასუხობდა ჩვენს ზარებს... და სხვები, რომლებიც არანაირ დახმარებას არ საჭიროებენ. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოს წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვით და არა - ნაციონალების სახეებსა და მათ ერთგულებს. როგორც ჩანს, ბიზნესმენს, თავისი პრინციპი აქვს და სწორედ ამ ნიშნით გამოარჩევს ადამიანებს. არც ისაა გამორიცხული, რომ იგი უბრალო ადამიანებსაც, ფიზიკურად დაავადებულ პაციენტებსაც ეხმარებოდა, რომელთა სიებიც დღის სინათლეს ალბათ, როდისმე იხილავს. ბოლოს და ბოლოს, ამის სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ იგი უბრალო საჩხერლებსაც უმართავდა  ხელს და არა მარტო მის მშობლიური ჭორვილას მკვიდრთ.

არც ისაა, გასაკვირი, რომ ბოლო დროს ქართველი ხალხი ეჭვიანი გახდა. მათ იმდენჯერ უმუხთლეს, რომ გაცილებით კრიტიკულნი გახდნენ, და ბიძინა ივანიშვილის მიმართაც კითხვები გაუჩნდათ, რაც ცხადია, პოლიტიკაში მოსულ ადამიანს არ უნდა გაუკვირდეს.

ბოლოს და ბოლოს, გავიხსენოთ, რომ სარაჯიშვილის, ზუბალაშვილების და სხვა ცნობილ ქველმოქმედთა დროს, არავინ დახმარებია ვაჟა-ფშაველას, ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანის, მედუქნე კულა გლდანელის (ივანე ყირმელაშვილის) გარდა. ამ დროს კი დიდი ჩინოვნიკების შვილებს ეხმარებოდნენ და საზღვარგარეთ სასწავლებელ ფულს აძლევდნენ. მათ შორის ვაჟა-ფშაველას მსგავსი კი არავინ ყოფილა. კულა გლდანელმა, ამ თბილისელთა ფალავანმა, იჭიდავა და, როცა გაიგო ახალგაზრდა პოეტს, ლუკა რაზიკაშვილს, პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებელი ფული არ აქვსო, ფეხით წავიდა თიანეთში, იქაურებს განუცხადა, აქ საჭიდაოდ ჩამოვედიო. დიდძალი ხალხი შეკრებილა მის სანახავად... იმ დღის შემოსავალი კი მომავალი ვაჟას-ფშაველასთვის გადაუცია.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისი პორტრეტის დასახატად, უამრავ სტორიას ყვებიან, და მათ შორის ასეთსაც - მოგეხსენებათ, ივანიშვილი ღარიბი ოჯახიდან იყო,  ერთხელ, მის ბავშვობაში, სოფელში მენაყინეს რომ ჩაუვლია, ბავშვები მშობლებთან გაქცეულან და ნაყინისთვის ფული გამოურთმევიათ. ბიძინას კი მშობლების შეწუხებაზე არც უფიქრია. მენაყინეს ბიძინასთვის ნაყინი მიუცია. წლების შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილს იგი მოუძებნია და ავტომანქანა უჩუქებია.

ისედაც მთელმა საქართველომ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ცალკეულ ადამიანებს ეხმარება, რომ არაერთი მეცნიერი, ხელოვანი გადაარჩინა სიკვდილს. მერე რა, თუ ამ სიაში შეძლებულებიც მოხვდნენ?! საინტერესოა, რატომ გახდა აუცილებელი ამ სიების გამოქვეყნება მაინცდამაინც ახლა? ამ შეკითხვაზე Presage.tv ცნობილ ადამიანებს დაუკავშირდა.

მწერალ გოდერძი ჩოხელის მეუღლე ნინო მელაშვილი-ჩოხელი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალიან ინერვიულა, როცა ტელევიზიით გახმიანდა, თითქოს ბატონი ბიძინა მის ოჯახს არ ეხმარებოდა.

„ბიძინა ივანიშვილის ფონდი 2003 წლიდან გვეხმარებოდა, მას შემდეგ, რაც გოდერძიმ დანა დაირტყა და თვითმკვლელობა სცადა. მოგვიანებით, მისი გარდაცვალების შემდეგ, პირადად მე, როგორც გოდერძი ჩოხელის ქვრივს და ჩემს ოჯახს, ეხმარება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, სამივე, მე და ჩემი შვილები უმუშევრები ვართ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დახმარების იმედად გახლავართ, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით ბიზნესმენს, მის ოჯახსა და „ქართუ ფონდს“.

მისი თქმით, დავით აქუბარდიას გადაცემაში ითქვა, რომ გაჭირვებულ ადამიანებს უნდა ეხმარებოდნენ, რომ შეიძლება დაეხმარონ ავადმყოფ ადამიანებსაც, სოციალურად გაჭირვებულებს, მაგრამ ნინო მელაშვილი-ჩოხელის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ფონდი ეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც რაიმე დამსახურება მიუძღვით საქართველოს წინაშე და არა მარტო გაჭირვებულებს.

„აქცენტი იყო გაჭირვებულებზე. ამისთვის სპეციალური ფონდები არსებობს. მე თვითონ ვიწვნიე ეს, როდესაც გოდერძი ცუდად იყო და გვინდოდა დახმარება, მისთვის ოპერაციის გაკეთება, პირადად ჩვენი ოჯახი ვერანაირი დახმარების კრიტერიუმში ვერ აღმოჩნდა. არცერთ სიაში არ ჩაგვსვეს. ივანიშვილის ფონდი კი თანადგომას გამოხატავს არა გაჭირვებული, არამედ დამსახურებული ადამიანების მიმართ,“ - გვითხრა გოდერძი ჩოხელის ქვრივმა.

 მისი თქმით, ის თანხა, რითაც ბიზნესმენი მათ ეხმარება, მიზერული არ არის. „ეს არის ის თანხა, რითაც ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ. ძალიან გთხოვთ, განცხადების სახით გაავრცელეთ, რომ რატომღაც ყურადღების გამახვილება ხდება გაჭირვებულ ადამიანებზე. არადა, ეს არ არის მხოლოდ გაჭირვებული ადამიანებისადმი დახმარება“.

ამასთან, ნინო მელაშვილი-ჩოხელი აცხადებს, რომ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი 50 წლის გახდა, 2006 წელს, გამოიცა ბროშურა, სახელწოდებით „უზენაესი სიქველე“. ამ ბროშურის საშუალებით ცნობილი ადამიანები, მათ შორის, გოდერძი ჩოხელიც ბიზმესმენს იუბილეს ულოცავდნენ.

„ბროშურაში გოდერძი ჩოხელის შემდეგი სიტყვებია: ბატონი ბიძინა უწინარესად უფალს უკეთებს სიკეთეს, მერე - ერს და მერე ათას ჩვენთაგანს. მე ძმა არა მყავს და ძმაზე მეტად მაშინ დამიდგა გვერდით, როცა ყველაზე მეტად გამიჭირდა სულიერად, მატერიალურად, ფიზიკურად. დღეს თუ კიდევ ცოცხალი ვარ, უპირველესად, ღვთის შეწევნით და ბატონი ბიძინას თანადგომით. ამიტომ, ვლოცულობ მისთვის, ვლოცულობ მისი ოჯახისთვის, ვლოცულობ მისი დედისთვის. დედისთვის, რომელიც, ბატონი ბიძინას დედმამიშვილების გარდა, ათასობით ქართველის დედა გახდა. მათ შორის - ჩემიც“.

„ქართული აკადემიის“ წევრი, რეჟისორი ნუკრი ქანთარია არ მალავს, რომ ამჟამად ბიძინა ივანიშვილისგან ყოველთვიური დახმარების სახით 1 000 ლარს იღებს, რაც არანაირ უხერხულობას არ უქმნის, რადგან მისი და ბიძინა ივანიშვილის პოზიცია მთელ რიგ საკითხებში ერთმანეთს ემთხვევა.

შეკითხვაზე, მაინცდამაინც ახლა რისთვის დასჭირდათ ამ სიის გამომზიურება, ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ეს ისედაც დაფარული ინფორმაცია არ ყოფილა, და, შესაძლოა, თვითონ ბანკმაც მისცა ეს ინფორმაცია.

„მაინცდამაინც ახლა კი იმიტომ გამოაქვეყნეს, რომ ალბათ უნდათ, ერთმანეთზე გააღიზიანონ ხალხი“.

ნუკრი ქანთარია არ აკონკრეტებს, რამდენად მართებული იყო შეძლებული ადამიანებისა და მდიდარი ნაციონალებისთვის თანხის გაცემა, მაგრამ მისი თქმით, ასეთი გადანაწილება დამსახურებების გამო ხდებოდა.

„ამის განსჯაში ვერ შევალ, მაგრამ, როგორც ვიცი, ეს გარკვეული პრინციპით იყო გადანაწილებული - დამსახურებული სპორტსმენი, სახალხო არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე... ამ სიაში ვინც ხვდებოდა, როგორც ჩანს, გამგეობასა და ფონდში გამორჩევა არ ხდებოდა და ვერც იქნებოდა და ამიტომ  ყველას განურჩევლად აძლევდნენ თანხას“.

„რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ეს სია არ უნახავს და, შესაბამისად, არ იცის, ერთ-ერთმა გაზეთმა რა სახის წერილი დაბეჭდა. თუმცა მიიჩნევს, რომ ზოგიერთების გაღიზიანება გაუმართლებელია, რადგან თუნდაც გიორგი ასანიძეს ივანიშვილი მაშინ ეხმარებოდა, სანამ ის ნაციონალი გახდებოდა:

„გიორგი ასანიძე, სანამ ნაციონალი გახდებოდა, მანამდე ჩემპიონი იყო და ნინო ანანიაშვილიც მის საქმეში მაღალი რანგის პროფესონალი გახლდათ. ამიტომ ამ თემიდან არ გამოუვათ ივანიშვილის დისკრედიტაცია. „ალიას“ უნდა ჰკითხოთ, რატომ გახდა ამ სიების გამოქვეყნება მაინცდამაინც ახლა საჭირო, მოგეხსენებათ, „ალია“ არ არის კეთილგანწყობილი ივანიშვილის მიმართ“.

შეკითხვაზე, ხომ არ დაკარგავს ივანიშვილი ქულებს ღარიბ საზოგადოებაში, რომელთაც მდიდარი ქართველების დაფინანსება საკუთარ სოციალურ უმწეობას კიდევ უფრო მეტად დაანახებს, დავით ბერძენიშვილი გვპასუხობს: „ივანიშვილის წინააღმდეგ სახელისუფლო თუ არასახელისუფლო შეტევები მას მხოლოდ გააძლიერებს. ამით მე რაიმე არსებითი ხასიათის წარმატებას არ ვუწინასწარმეტყველებ არავის. ნაციონალობის ნიშნით ის არ ეხმარებოდა ხალხს, არამედ - დამსახურების ნიშნით. ვერ ვიტყვით, რომ ნინო ანანიაშვილს დამსახურება არ აქვს საქართველოს წინაშე ან ასანიძეს“.

აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ საჭირო არ იყო ამ სიების გამოქვეყნება.

„არავის საქმე არ არის, მეცენატი თავისი ჯიბიდან ვის რა თანხას აძლევს. არავის განსასჯელი არაა, მაგრამ ეს აფიშირება საგანგებოდ დასჭირდათ. თანაც ეს გააკეთა იმ გუნდმა, რომელიც ძალიან შეშინებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით, რათა ხალხისთვის ეჩვენებინათ, აი, გიჭირთ და ის კი ამათ აძლევს ფულს.

ერთ-ერთ გადაცემაში მერე გადიოდა კიდეც წარწერები: მე ახლობელი ავად მყავს, იმას თუ აძლევს, მე რატომ არ მაძლევსო. ასეთი პრეტენზიით ხალხმა უნდა მიმართოს ხელისუფლებას“.

მარიკა ლორთქიფანიძის აზრით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ისეთი პენსია, რომ ადამიანი ავად თუ გახდა და, ფული თუ არ აქვს, არ უნდა მოკვდეს.

„ახსენეს ივანიშვილის „კანტორა“, რომელ კანტორაზეა საუბარი?! ივანიშვილს საკუთარი ფული აქვს და მას ქველმოქმედების სახით ანაწილებს. ხელისუფლება კი ჩემი ჯიბიდან სათავისოდ იღებს ფულს. რასაკვირველია, ამიტომაც აკეთებენ ამას, რომ ღარიბი ადამიანები გადაამტერონ ივანიშვილს. იმ ღარიბმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილი არაა ვალდებული, არჩინოს ისინი. მათ რჩენაზე სახელმწიფოა ვალდებული და, თუ შეიძლება, სახელმწიფოს მიმართონ ამ პრეტენზიებით“.

მეცნიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ნინო ანანიაშვილს იმიტომ კი არ აძლევს ფულს, რომ ანანიაშვილს ფინანსურად უჭირს, არამედ იმიტომ, რომ ის მსოფლიო მასშტაბის პრიმაბალერინაა. ივანიშვილს კი ეამაყება ქართველი ერისადმი დამსახურებული ეს პიროვნება და მადლიერებას მის მიმართ ასეთნაირად გამოხატავს.

„გადავხედოთ ქველმოქმედთა ისტორიას იმავე საქართველოში. მე-19 საუკუნეში, სარაჯიშვილები, ფორაქიშვილები და სხვები, რამდენ სტიპენდიას აძლევდნენ სასწავლებლად იმათ, ვინც თავად მიაჩნდათ ამის ღირსად? შეიძლება, სხვებიც იყვნენ ღირსეულები, მაგრამ მათ ვინც თვითონ მიაჩნდათ ღირსეულად, თავისი ჯიბიდან აძლევდნენ ფულს. ასეა მთელ მსოფლიოში“.

ამასთან, მარიკა ლორთქიფანიძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ამ ადამიანებმა თავად დაწერეს განცხადება „ქართუ ჯგუფის“ სახელზე, რათა დახმარება მოეპოვებინათ.

„არა, ბატონო, ეს არ იფიქროთ! როგორ დაწერდა ანანიაშვილი ამ განცხადებას? რა, აკადემიკოსებს რომ გვაძლევს თვეში 1000 ლარს, ჩვენ დავწერეთ განცხადება? მან ჩათვალა, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებს იმ დამსახურებისთვის, რაც მათ ერისა და ქვეყნის წინაშე აქვთ, მისცეს 1000 ლარი. სახალხო არტისტებს - თვეში 2000 ლარი. ეს მისი პირადი საქმეა. ტყუილია, არ დაიჯეროთ, რომ ვინმემ დაწერა განცხადება, დამეხმარეთო“.

თუმცა მარიკა ლორთქიფანიძე გულმოკლულია იმ მეცნიერების საქციელით, რომლებიც ბიზნესმენისგან შემწეობას იღებდნენ, მისი თანადგომა კი არც უფიქრიათ.

 „მაპატიეთ, მაგრამ ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ, მე პირველმა გამვაქვეყნე „რეზონანსში“ ჩემი დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი და ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა აღუდგეს მოქალაქეობა. შემდეგ მოვიდნენ ტელევიზიიდან და იგივე გავიმეორე. მერე წავიკითხე, ვანო კიღურაძემაც იგივე დაწერა, ლადო პაპავამაც ანალოგიურად აღნიშნა, მაგრამ სხვებისგან, სამწუხაროდ, ეს არ გამიგონია. რასაკვირველია, ეს ძალიან ცუდია“.

შეკითხვაზე, რამდენად მორალურია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ივანიშვილის მიმართ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია არ გამოხატეს,  კიდევ აიღონ მისგან შემწეობა, მარიკა ლორთქიფანიძე აცხადებს: „ეს უკვე მათი საქმეა და მათ საქმეეში ვერ ჩავერევი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი აზრით, აკადემიკოსებს ელემენტარულად  განცხადება მაინც უნდა გაეკეთებინათ, რომ ბიზნესმენისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა გაუმართლებლად მიაჩნდათ“.