„საიმედო პარტნიორობა“

„საიმედო პარტნიორობა“

ბაქო-თბილისის თანამშრომლობა შესაძლებელია ითქვას, რომ ესაა ღერძი რომელზეც დიდწილად დგას რეგიონის დამოუკიდებლობის პერსპექტივები. ეს თანამშრომლობა ამოვარდნილია რუსეთის პოლიტიკური ადმინისტრაციის სასურველი ფარვატერიდან. რუსეთი ცდილობს დაანახოს აზერბაიჯანს, რომ მისი და თბილისის დასავლური კურსის წარუმატებლობისა და ჩამოშლის შემთხვევაში მოსკოვი მისი ერთადერთი საიმედო ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი იქნება.

„საიმედო პარტნიორობა“ კი სავარაუდოდ უნდა ნიშნავდეს რომ ის უზრუნველყოფს „ალიევების კლანის“ დარჩენას სახელმწიფო მმართვის სადავეებთან. ამის დასტურად ბაქოსა და მოსკოვს შორის ენერგორესურსების გარშემო პერიოდულად ფორმდება სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებები. მაგრამ ძნელად წარმოსადგენია აზერბაიჯანი არ აცნობიერებდეს რომ პარტნიორობა მხოლოდ რუსეთთან მას კარგს არაფერს უქადის. გარდა ამისა, ბაქოში არ დავიწყებიათ მოსკოვის როლი ყარაბაღის კონფლიქტში.

შესაბამისად აზერბაიჯანი, სამხრეთ კავკასიაში, არაერთი საერთაშორისო ენერგოპროექტის აქტიურ მონაწილედ გვევლინება. სიტუაციის ასეთი განვითარება კი ხელს უნდა უწყობდეს ბაქო-თბილისის საგარეო პოლიტიკის დასავლური ორიენტირის შენარჩუნებას, ხოლო ამცირებდეს რუსულ გავლენას რეგიონში.

საქართველო-აზერბაიჯანის ეს თანამშრომლობა კი პირველ რიგში საქართველოსთვის ლოგიკურად პოულობდა გაგრძელებას დასავლეთ მიმართულებაზე. კერძოდ კი უკრაინაში.  მიუხედავად იმისა რომ უკრაინა არ არის ერთადერთი გაგრძელება, მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე დღეს ექსპერტები არ დაობენ.

უკრაინის ხელისუფლების ცვლასთან ერთად 2010 წლიდან გაჩნდა პრინციპულად ახალი შესაძლებლობები უკრაინის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა.

2010 წლის შემოდგომიდან, უკრაინის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებამ, სტრატეგიული თვალსაზრისით, სერიოზული კორექტივები განიციდა. ახალი მთავრობა ეყრდნობოდა რა თავდაცვითი სტრატეგიის პრინციპებს ცდილობდა დაეცვა საკუთარი ეროვნული ინტერესები სიმეტრიული საშუალებებით. იანუკოვიჩმა ინაუგურაციიდან მალევე, 11 მარტს მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება იმ პირებით დაიწყო, რომლებიც მისაღები იყო რუსული მხარისათვის. ამას მოყვა 27 აპრილს ხარკოვში გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთის შავიზღვის ფლოტმა სევასტოპოლში ბაზირების ვადა 2017–დან 2042 წლმადე გაიხანგრძლივა. სამაგიეროდ უკრაინამ ყოველწლიურად არენდის სახით 100 მლნ ამერიკული დოლარი მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააუქმა ნატოში გაწევრიანების საკითხებზე მომუშავე ეროვნული კომისიაც. ბრძანება უკრაინის პრეზიდენტმა  2 აპრილს გამოსცა. იანუკოვიჩის აღნიშნული ბრძანებულებით ძალადაკარგულადაა ცნობილი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იუშჩენკოს 2006 წლის 22 მაისის ბრძანებულება აღნიშნული კომისიის შექმნის შესახებ და ასევე რამდენიმე დოკუმენტი რომელიც  უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტერგაციას ეხება.

განსაკუთრებული წარმატება რუსეთმა უკრაინასათნ ყირიმში მიაღწია. 19 მარტს უკრაინის უშიშროების საბჭოსა და რუსეთის  უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეთანხმებით, ყირიმში რუსი კონტრმზვერავები 5 წლის ვადით დაბრუნდნენ.

იმავე 2010 წლის 8 ივლისს კი უკრაინის უმაღლესმა რადამ რატიფიცირება გაუკეთა რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას. მაგრამ აღმოჩნდა რომ დემარკაცია მხოლოდ სახმელეთო საზღვარს შეეხება, ხოლო ღიადაა დარჩენილი ქერჩის სრუტის საკითხი აზოვის ზღვაში.

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტს, ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებულ საზოგადოებრივ განწყობებსა და მეორე სახელმწიფო ენად, რუსული ენის შესაძლო გამოცხადებას დავამატებთ შესაძლებელია ვივარაუდოთ რომ რუსეთმა უკრაიანაში მისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები პოლიტიკური პროცესი შექმნა.

მაგრამ ამ რეალობის გათვალისწინებითაც საინტერესოა ერთი ფაქტი. უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ხელისუფლების გამოკვეთილი მხარდაჭერა ამჟამად უკვე პატიმარ იულია ტიმოშენკოსადმი სავსებით საკმარისი საფუძველი შეიძლება გამხდარიყო თბილისი-კიევის ძალზედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღერძის გამრუდებისათვის. თუმცა ეს ღერძი ჯერ-ჯერობით ისევ არსებობს:

უკრაინის ახალი პრეზდენტი დაბალნსებული პოლიტიკის საშუალებით როგორც ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს ახერხებს სასურველი თამაშის თამაშს.

განმარტება:

ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“