სებასტიან მილარდი, “La-Croix.com”
რუსებისთვის ეს არის საზღვარი, რომლის დაცვაც აუცილებელია; ქართველებისთვის ის უკანონო დაბრკოლებაა, რომელიც უნდა მოიხსნას; ევროპელებისთვის, რომლებიც იურიდიულად შექმნილ სიტუაციას არ აღიარებენ, ეს „სადემარკაციო ხაზია“, რომელსაც მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიების ირგვლივ წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნავს ევროკავშირის სპეციალური მისია (EUMM). დამკვირვებლები თავიანთ საქმიანობას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეუდგნენ.
თავდაპირველად მისიას დროებითი ხასიათი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით მისი მანდატი რამდენჯერმე გააგრძელეს და დღეს ის უკვე პეიზაჟის ნაწილად იქცა; მის თეთრ, ევროპული ვარსკვლავებით გაფორმებულ ჯიპებს ქვეყნის გზებზე ხშირად შეხვდებით. ორი ან სამი ავტომობილით ხუთ-ექვს კაციანი დამკვირვებელთა ჯგუფები ტერიტორიებზე პატრულირებენ: მათი ამოცანა მოძრაობის კონტროლი და შესაძლო ინციდენტების პრევენციაა. ჯგუფები დიდწილად შერეულია: ერთ ავტომობილში შეიძლება ისხდნენ ფრანგი ჟანდარმი, იტალიელი პოლიციელი და უნგრელი ჩინოვნიკი. არცერთ მათგანს იარაღი არ აქვს. „ეს სამოქალაქო ოპერაციაა და არა სამხედრო“, – ხაზგასმით აღნიშნავს ევროპული მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი. ამ მისიის წარმომადგენლობა საქართველოს დედაქალაქში მდებარეობს. მისია 420 ადამიანისგან შედგება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის 290 ევროპელი ექსპატია.
„ყოველდღიურად ჩვენ დაახლოებით 20 შემოვლა გვაქვს, მათ შორის ღამით, თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, მაღალმთიან რეგიონებს“, – გვიყვება ანჟეი ტიშკევიჩი და თან ქვეყნის რუკას გვაჩვენებს, რომელზეც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სადემარკაციო ხაზები წითლადაა მონიშნული. ადგილზე იმის განსაზღვრა, თუ სად გადის საზღვარი, გაცილებით რთულია.
ნამდვილი-ყალბი საზღვარი
საძოვრებზე საქონელთან დაკავშირებული შემთხვევები საზღვრის ორივე მხარეს მუდმივად ინციდენტების მიზეზი ხდება, თუმცა მათი მოგვარება სწრაფად ხერხდება. აფხაზურ თხილთან დაკავშირებული სიტუაცია თავის მხრივ ზოგჯერ ევროპელთა ჩარევის გარეშე ვერ გვარდება: აფხაზები ცდილობენ ქართულ ტერიტორაზე გადმოსვლას, რომ თხილი უფრო ძვირად გაყიდონ და საქართველოს მთავრობის თვალსაზრისით ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ის ამას შიდა პროდუქტად განიხილავს. იმავდროულად, აფხაზი „მესაზღვრეებისთვის“, ეს მოვაჭრეები კონტრაბანდისტები არიან.
ბოლო დრომდე ამ საზღვართან დაკავშირებული ასეთი შეუთავსებელი შეხედულებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მომავალი გაწევრიანების გზაზე გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა. გარდა ამისა, ის მუდმივი უსიამოვნებების, მუქარების და ხშირად დაპატიმრებების წყაროა, რამაც შეიძლება ძალიან სწრაფად გაამწვავოს სიტუაცია ევროპელი დამკვირვებლების არყოფნის შემთხვევაში, დამკვირვებლების, რომლებსაც სამართლიანად მიუკერძოებელ მონიტორებად მიიჩნევენ.
„ისინი გავლენიანი მესამე მხარეა“, – ამბობს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. „ევროპული მისია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის“. ევროპელები 23 000 დევნილის მდგომარეობასაც აკვირდებიან. ამ ადამიანებმა იძულებით მიატოვეს სამხრეთ ოსეთი 2008 წელს და დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დროებით ბანაკებში ცხოვრობენ.
ევროპელებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ უშვებენ
გარდა ამისა, როგორც ამას ევროპელები აღიარებენ, საზღვრისპირა ზონაში წესრიგი დიდწილად 2009 წლის აპრილში აქ რუსი მესაზღვრეების გამოჩენამაც განსაზღვრა, რომლებიც ადგილობრივ მოხალისეებზე ბევრად უფრო სანდონი არინა. მიუხედავად ამისა, სამხედრო ძალის ამაგვარი განთავსება მოსკოვის მხრიდან სეპარატისტული რესპუბლიკების ერთგვარ ანექსიად შეიძლება ჩაითვალოს. თბილისში 7 ოქტომებრს სიტყვით გამოსვლისას სარკოზიმ მათ „იზოლირებული, ვასალი ფსევდოსახელმწიფოები უწოდა“, რომელთა დამოუკიდებლობაც ცალმხრივ რეჟიმში მხოლოდ რუსეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა.
და მუხედავად იმისა, რომ 13 ნოემბერს სამხრეთ ოსეთში 2008 წლის ომის შემდეგ პირველი „საპრეზიდენტო არჩევნები“ გაიმართება, ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს ამ პატარა რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციისთვის მიერთებას.
ამგვარად, ჟენევის შეხვედრებზე ტერიტორიული დავების საბოლოო გადაწყვეტამდე (ჯერ-ჯერობით ამ შეხვედრებს შედეგი არ მოჰყოლია) ევროპული მისია, როგორც ჩანს, კიდევ დიდი ხნით დარჩება საქართველოში და მაინც ვერ მოხვდება აფხაზეთის და ოსეთის ტერიტორიაზე, რათა დარწმუნდეს, რომ მოსახლობის უფლებები დაცულია. რუსმა ოკუპანტნმა იქ მისასვლელი არამხოლოდ ევროპელებს, არამედ გაეროს და ეუთოსაც ჩაუკეტა. ევროპელი დამკვირვებლები იძულებლუნი არიან დარჩნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საკუთარი ნების წინააღმდეგ მორიგი მესაზღვრეების როლი ითამაშონ.
foreignpress.ge
899
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85