„ბედნიერი ერი“ - არის დიაგნოზი

„ბედნიერი ერი“ - არის დიაგნოზი"

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში არჩევნების შედეგად სამხატვრო საბჭო აირჩიეს. საბჭო თეატრის შემოქმედებით და მხატვრულ განვითარებაზე იზრუნებს. სამხატვრო საბჭო ცხრა წევრისგან შედგება, მის შემადგენლობაში შედიან: თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა, მთავარი მხატვარი მირიან შველიძე, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, მსახიობები– კახი კავსაძე, თათული დოლიძე, ჟანრი ლოლაშვილი, მარინა ჯანაშია, ზაზა პაპუაშვილი და ნინო კასრაძე.

აღსანიშნავია, რომ აქამდე შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში სამხატვრო საბჭო არ არსებობდა და თეატრის შემოქმედებით და მხატვრულ განვითარებაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა ზრუნავდა. თუმცა 15 აგვისტოს თანამდებობიდან რეჟისორის განთავისუფლების შემდეგ ეს პოსტიც ვაკანტური აღმოჩნდა. Presage.tv-ს ინფორმაციით, სამხატვრო საბჭოს შექმნის ერთ-ერთი მიზანი ისევ და ისევ რობერტ სტურუას თეატრში დაბრუნებაა.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, თეატრის დასი, რომელიც ვერ ელევა ცნობილ რეჟისორს, სამხატვრო საბჭოს თხოვნის საფუძველზე რობერტ სტურუას თეატრში მიიწვევს. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ სამხატვრო საბჭო სწორედ რობერტ სტურუას ერთგული მსახიობებით დაკომპლექტდა. რაც შეეხება სამხატვრო საბჭოში თეატრის მმართველის, ზაალ ჩიქობავას შეყვანას, სავარაუდოდ, ისიც ცნობილი მაესტროს წინააღმდეგი ვერ წავა. მსახიობი ზაზა პაპუაშვილი Presage.tv-სთან საუბარში საქართველოს უახლესი ისტორიის განვლილ ფურცლებს აანალიზებს და რობერტ სტურუას შეუცვლელობაზე საუბრობს.   

- ამ რვაწლიანმა ურთულესმა ბრძოლამ, ღვთის წყალობით, რაღაცნაირად ნაყოფი გამოიღო. იმდენი რამ მასწავლა ცხოვრებამ, რომ უკვე შემიძლია მომავალ თაობებს ველაპარაკო იმაზე, თუ როგორ შეიძლება ემსახურო იდეას, როგორ არ უნდა დაიღალო. რაც მთავარია, რწმენა უნდა გქონდეს. შესაძლოა, გეჩვენებოდეს, რომ ყველაფერი წარუმატებლად დამთავრდება, მაგრამ, ამასობაში, ყველაფერი წარმატებით მთავრდება. ასეთ კავშირში უნდა იყო მოვლენებთან, ღმერთთნ, ანალიზი უნდა გაკეთდეს, სიღრმეები უნდა იყოს მოძებნილი. ყველაფერ ამაზე ამ რვა წლის განმავლობაში უარი ითქვა, რადგან მოვიდნენ ეს ჯიბიდან გავარდნილი თავხედები, ეს ლაწირაკები, დორბლიანები, უვიცები, განუვითარებლები, ბოროტები, რომლებმაც ამ გენიალურ, უზარმაზარ ქვეყანას მოგუდვა მოუნდომეს. დაუპირეს, რომ ამ ქვეყანას შეეწყვიტა აზროვნება, ანალიზი, წინსვლა, ახლის შექმნა. ფსევდოფასეულობები მოახვიეს თავს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოახვიეს, თუმცა კი საკმარისად გამოურეცხეს ადამიანებს ტვინი რაღაც ვითომ ევროპული ფასეულობებით.

სინამდვილეში, ეს ყველაფერი ფსევდოფასეულობებია. ეს არ არის ევროპულ ფასეულობებთან არანაირ კავშირში. ეს ჯინსებთან, „ჟუაჩკებთან“ კავშირია. ევროპული აზროვნება, მისი ფილოსოფია, ლიტერატურა... ასეთ რამეებზე ესენი არ ლაპარაკობენ, ასეთ სიღრმეებში არ მიდიან. აი, ასეთი სიღრმე აქვს საქართველოს ისტორიას, მის ფოლკლორს, ჰაგიოგრაფიას, ხუროთმოძღვრებას, ფილოსოფიას, მის ცას, მის მიწას. ეს ქვეყანა პირდაპირ ღმერთთან კავშირშია. საქართველოს სხვა კონტექსტში ვერ განიხილავ. ქრისტიანობას სხვა კონტექსტში ვერ განიხილავ. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

ჩვენი ქვეყანა მართლაც ციტადელი იყო, კავკასიაში ურჯულოთა წინააღმდეგ მებრძოლი. ჯვარი ეჭირათ ხელში. აი, რა მოუნდომეს საქართველოს, მენტალიტეტის კი არა, შიგნეულობის გამოცლა მოუნდომეს. ესენი დაისჯებიან, საოცრად დაისჯებიან. არ ვიცი, რა გითხრათ, მაგრამ ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ღმერთის დედას აწყენინეს, საქართველო მისი წილხვედრია, ძალიან ატკინეს გული, შეურაცხყვეს. ჯალალედინი მეტს კი არაფერს არ აკეთებდა?! ეუბნებოდა ქრისტიანებს, სიწმინდეებზე დანერწყვეთ და უარყავით სარწმუნოებაო. იგივე არ არის ამათი საქციელი, გადატანითი მნიშვნელობით?

და, ამ ყველაფრის ფონზე მოვიდა ბიძინა ივანიშვილი. მთელი ეს პერიოდი იყო ერთგვარადგოდოს მოლოდინი“, როცა ადამიანები, რომლებსაც სიტუაციაზე ზემოქმედების ძალა არ შესწევდათ, ელოდნენ ვიღაცას, მისტიურ პერსონაჟს, რომელიც არასდრო ნახათ და არც ის იცოდნენ, მოვიდოდ თუ არა საერთოდ?

– როგორც ჩანს, 20 წლის განმავლობაში დახარჯული ენერგია არ იკარგება. ნაწილი საქართველო კონფორმისტულ მდგომარეობაში იყო, ნაწილ საქართველოს ქვეყანა ფეხებზე ეკიდა, ნაწილი საქართველო პირწმინდად გამყიდველი იყო. ნაწილი საქართველო მთელი გულითა და ემოციით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იბრძოდა, გესმით? აი, რა მინუსები გაუჩნდა ქვეყანას და რა პლიუსებიც ჰქონდა.  სული მებრძოლი და უკვდავია და ეს დავინახეთ. დავინახეთ, რომ დაჩეხილობა, არაერთსულოვნება საუკუნეების განმავლობაში ღუპავდა ქვეყანას. რაც დაავადებები გვაქვს, ის კარგად უნდა შევისწავლოთ და დავიწყოთ მათი მკურნალობა. ჩვენ ცხოვრება არ ვიცოდოთ, ჩვენ ქურდობის, ქრთამის აღების და მიცემის გარდა, არაფერი ვიცოდით და აი, ჩავვარდით ამ დღეში.

ეს 20 წელიწადი როგორც უდაბნოში, ასე დავხეტიალობდით, 20 წლის განმავლობაში ვიძახდით, დამოუკიდებელიაო ქვეყანა და ერთმანეთისთვის თავპირის მტვრევის, შეურაცხყოფის, დაცინვის გარდა, არაფერი გაგვიკეთებია. ეს იყო ჩვენი თავშესაქცევი. ჩვენ ცხოვრება არ ვიცოდით, ჩვენ ღირსიც კი არ ვიყავით დღის სინათლის, ისე ვიქცეოდით. ამიტომ ახლა, გინდა, არ გინდა, ხალხი ნელ-ნელა განწმენდის პროცესშია. თვითშეგრძნებები, კიდურები ამუშავდა, რეფლექსები მუშაობს, სხეული უნდა მოვიდეს მოძრაობაში. როგორც მუზეუმში, ისე დავდივართ საქართველოში! ვისი აშენებულია ეს ყველაფერი? – უმაგრესი ქართველების. ჩვენ ვართ ქართველები თუ ისინი, საკითხავი აი, ეს არის. ქართველობა მარტო სახელი და გვარი, ლიკლიკი არ არის. აი, ზემოთ არის რაღაცა, ზემოთ. სიმაღლეს ნიშნავს ქართველობა, უზარმაზარ სისუფთავესა და ზნეობრიობას. ეს რა ქართველობაა? ეს არაფრის კეთებაა. ვითომ ქართული გვარების ტარება საქართველოა? 20 წელიწადი არაფერს არ ვაკეთებდით. არაფერს, სამარცხვინო ხალხი ვიყავით, მაგრამ ასე ხომ არ უნდა ვლანძღოთ საკუთარი თავი? ხომ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან?

„ბედნიერი ერი“ არის დიაგნოზი. უნდა ვაჯობოთ ამ ლექსს. ილია ჭავჭავაძემ გვითხრა, ამას აკეთებეთ, ეს გამოასწორეთო. ეს იყოს ტრამპლინი, რომ წინ წახვიდეთ, ეს სენი გვჭირსო.

ქართველების თვისება ცალკეული ადამიანის გაღმერთებაა და არ თვლით, რომ ახლაც იგივე გრძელდება?

– მე არასდროს მყვარებია რაღაცის გადაჭარბება, ეს მესიანური იდეა. ეს არ შეიძლება, არ არის ასე, ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი კაცია და ხედავთ კიდევაც, რომ ეს ღვთის წყალობაა. გადარჩენაა, საქართველო არ დაიღუპება. დაიმახსოვრეთ, საქართველო ვერ დაიღუპება. შესაძლოა, მომავალშიც რთული დღეები დაუდგეს, მაგრამ, დავრწმუნდი, რანაირი პროგრესიც არ უნდა იყოს, რანაირადაც ტექნიკა წინ არ უნდა წავიდეს –მთვარეზე ტაქსები და არ ვიცი, რაც არ უნდა გააკეთონ, ყოველთვის დაებადება საქართველოს ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დაიცავენ, გულზე აკოცებენ, გადაარჩენენ და შეეწირებიან. ნებისმიერ 22-ე, 23-ე და აწ და უკუნისამდე საუკუნეში, სანამ დედამიწა იარსებებს, ყოველთვის დაებადება საქართველოს ასეთი ადამიანები.

ანუ ისევ ერთეულების იმედზე ვართ, ერთეულებმა უნდა გადარჩინონ საქართველო?

– ასე იყო ყოველთვის. მიძინებულ ქვეყანაში დაიბადა ილია ჭავჭავაძე. მიძინებულ ქვეყანაზე, კაცი ქართულად რომ არ ლაპარაკობდა და რუსულად „ეკერკებოდათ“ საუბარი. დაძინებული იყო საქართველო. ღვთის წყალობით, მერე გაჩნდა ილია ჭავჭავაძის უამრავი თანამოაზრე. ახლაც, „ქართუ ბანკთან“ რაც ხდება, ეს უდიდესი კულტურის, ერთსულოვნებისა და ზნეობის გამოხატულებაა. უნდა ვისწავლოთ, როდესაც საშიშროება უდგას ქვეყანას, რა მნიშვნელობა აქვს, გიცნობ თუ მიცნობ, ყველა იქ უნდა დავდგეთ, რომ ქვეყანა გადარჩეს. ერთმანეთი გავამაგროთ და ერთმანეთის შეურაცხყოფის უფლება არავის მივცეთ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას, ადამიანურად, ვაჟკაცურად, იდეურად აღვიქვათ ეს მოვლენა და არა რაღაც ფსევდო შეძახილებით, რომელიც საქმეს გააფუჭებს. მისი გამოჩენის მნიშვნელობას უნდა მივხვდეთ, მის დანიშნულებას, რაც მან გააკეთა საქართველოსთვის, და არა – ჰაი-ჰარად რაღაც სიტყვები ვაბრახუნოთ. არც მას არგებს ეს ფრაზები, არც – ჩვენ. ფასდაუდებელი რამ გაუკეთა ქვეყანას და ჩვენც ასე იდეურად და ვაჟკაცურად ერთად დავუდგეთ საქართველოს.                

დავუბრუნდეთ რუსთაველის თეატრს. ჩვენ ვნახეთ რობერტ სტურუას დასაცავად მოწყობილი ხელოვანთა აქციები, მაგრამ დასი უფრო კატეგორიული ხომ არ  უნდა ყოფილიყო? იყო ვერსია, ჩაეშალათ სეზონი. თუ ეს სტურუას ბედი იყო, რომ იგი მაინცდამაინც კალიაგინის თეატრში უნდა  გამგზავრებულიყო?

– იცით რა, მე ერთ რამეს ვფიქრობ, როცა დასი მრავალრიცხოვანია, ბევრ ხალხში, საერთოდ, ყველაფერში ერთსულოვნებას ვერ მიაღწევ. თუმცა არის გარკვეული საკითხი, სადაც ერთსულოვნება იქნება. რაც შეეხება სეზონის ჩაშლას, ეს რესურსები ჩვენ აბსოლუტურად გაგვაჩნდა, მაგრამ, სანამ გზა ჩანდა, ჩვენ ეს გზა ვამჯობინეთ. ქუჩის გამოცდილებამ უამრავი რამ შემძინა, და დაპირისპირების პროცესი რომ არ ჩაფლავებულიყო, ვამჯობინეთ, სანამ გზა არის, დიპლომატიურად აგვერჩია ეს გზა – შექმნილიყო სამხატვრო საბჭო, რომელიც განკარგავდა თეატრის სამხატვრო სახეს, რომელიც არ შემოუშვებდა სხვა უცხო რეჟისორს, რომელსაც მოუნდებოდა რუსთაველის თეატრში სპექტაკლის დადგმა.

ახლა სამხატვრო საბჭოს ვეტოს ვერ გაცდებიან და ამ საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე ვერცერთი რეჟისორი, მსახიობი ვერ მოვა თეატრში. ასე რომ, სამხატვრო საბჭო აწარმოებს რეჟისორებთან მოლაპარაკებას. სამხატვრო საბჭო უფლებამოსილია, ბატონი რობერტი, როგორც რეჟისორი, მოიწვიოს.

მაგრამ მან განაცხადა, რომ არ დაუბრუნდება რუსთაველის თეატრს და კალიაგინის თეატრსა და თუმანიშვილის თეატრში განაგრძობს მოღვაწეობას.

– საიდან იცით, რომ არ დაბრუნდება? ჩვენ ამიტომაც ვწვალობთ, რომ ის ვითარება, რაც მან შექმნა რუსთაველის თეატრში, შენარჩუნდეს. ის ქსოვილი არ უნდა დაირღვას. ახლა ამათი პატივმოყვარეობით შეიძლება აფიშაზე ერთი წლის განმავლობაში არ ეწეროს, რომ რობერტ სტურუა რუსთველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, მაგრამ იგი სწორედაც რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. რობერტ სტურუა იმუშავებს რუსთაველის თეატრში, დადგამს სპექტაკლებს, ეს არის მთავარი და არა რაღაც წოდება, რომელიც აფიშაზე იქნება მიტმასნილი. ასე რომ, იდეურად, შინაარსით ის რუსთაველის თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელად რჩება.