რობერტ კოლსონი, “RadioLiberty”
ერთი პერიოდი ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს საქართველოს გზა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისკენ უშფოთველი და განსაკუთრებული მოვლენებისგან დაცლილი იქნებოდა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სულ უფრო დაუნდობელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განუხრელად მიიწევდა დამაჯერებელი ტრიუმფისკენ დანაწევრებული და დიდწილად უპასუხისმგებლო ოპოზიციის წინააღმდეგ.
მაგრამ ამ დროს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.
„ეს არჩევნები აბსოლუტურად განსხვავებული იქნება და სააკაშვილს და მის ხალხს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ძველი ისტორია განმეორდება“, – განაცხადა 55 წლის კარჩაკეტილმა ფინანსიტმა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მოულოდნელად უარი თქვა განმარტოებულ ცხოვრებაზე თავის სოფელ ჭორვილაში, რათა პოლიტიკაში მონაწილეობაზე განაცხადი გაეკეთებინა. „ჩემი აზრით, დღეს რეალობა ისეთია, რომ სააკაშვილს ხმას საკუთარი დედაც არ მისცემს“.
მან განაცხადა ასევე, რომ „ძალიან კარგად იცის, თუ როგორ ძალადობს სააკაშვილი არამხოლოდ ქართველ ხალხზე, არამედ მის ახლო გარემოცვაზეც. სააკაშვილი ვერ შეძლებს იმ რაოდენობის ხმების მოპოვებას, რაც გაყალბებისთვის აუცილებელია“.
ჭორვილადან სცენაზე გამოჩენის შემდეგ, რამდენიმე კვირაში, ივანიშვილმა მოძრაობა „ქართული ოცნება“ დააფუძნა, რომელიც მისი თქმით მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს.
„რადიო თავისუფლების“ დღიურებში ივანიშვილი ამბობს, რომ „არ იყო იოლი გადაწყვეტილება“ ჩართულიყო პოლიტიკურ ბრძოლაში, მაგრამ ამ ნაბიჯისკენ მას „ქვეყნის მძიმე მდგომარეობამ“ უბიძგა.
ღია სეზონი
კამპანია თავიდან ერთგვარი დაბრკოლებებით დაიწყო. ივანიშვილი პოზიციას ნელ-ნელა იმკვიდრებდა. და პირველი ნოემბრის პრესკონფერენცია ქაოსში გადაიზარდა, როდესაც რეპორტიორები კითხვებს გაჰყვიროდნენ, მაშინ როცა ივანიშვილი და მისი პრეს-მდივანი ირაკლი ტრიპოლსკი მთელი ძალით ცდილობდნენ სიტუაციის გაკონტროლებას.
ჩანასახში მყოფი კამპანია (და თავად ივანიშვილი) სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა კრიტიკის, ზოგჯერ დაუფარავი თავდასხმების ქარცეცხლში მოაქციეს, მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტს ივანიშვილის სახელიც კი არ უხსენებია.
პირველ რიგში, სააკაშვილის მთავრობამ მას შემდეგ რაც ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ აპირებს უარი თქვას საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე, მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა. ის სააკაშვილის განკარგულებას ასაჩივრებს, მაგრამ თუკი არაფერი შეიცვალა, მას კანონი არ მისცემს არც კენჭისყრის და არც რაიმე პოლიტიკური მოძრაობის მმართვის ან დაფინანსების უფლებას.
ამასთანავე, პოლიციამ მისი „ქართუ ბანკის“ ფილიალში რეიდი მოაწყო და ის ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. ივანიშვილი სახელმწიფო მედიის ჟურნალისტებს მისი პირველი პრესკონფერენციის საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს.
სააკაშვილის მხარდამჭერები, მაგალითად დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი გაბაშვილი, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს იმ იდეის ტირაჟირებისთვის იყენებს, რომ ივანიშვილი მოსკოვის მარიონეტია.
„რუსეთში რამდენიმე მილიარდ დოლარად შეფასებული ქონების ფლობა და მართვა აუცილებლად მიუთითებს ამ ადამიანის ახლო კავშირებზე კრემლთან“, – ამბობს გაბაშვილი. „და როდესაც ამ კავშირის მქონე ფიგურა პოლიტიკაში შემოდის, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი ხდება. არავინ არის ისეთი გულუბრყვილო დაიჯეროს, რომ ვიღაც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურდება, აქვს მილიარდები რუსეთში და ამ ფაქტორს არ ითვალისწინებს“.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვას აპირებს.
საყოველთაო მხარდაჭერა
თავდასხმებმა, როგორც ჩანს მხოლოდ განამტკიცეს კარჩაკერტილი მილიარდერისადმი მხარდაჭერა. ივანიშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად, მაგალითად, მარტო ერთი კვირის განმავლობაში, დაახლოებით 5 000-მა ადამიანმა გახსნა ანგარიში „ქართუ ბანკში“.
ხელისუფლებას განგაშის საფუძველი მართლაც აქვს: ივანიშვილი საშუალო კალიბრის მილიარდერი არ არის. საქართველოს უმდიდრესი კაცი ივანიშვილი, რომლის ქონებაც Forbes -ის თანახმად დაახლოებით 5,5 მილიარდი დოლარია, დღემდე საჯარო ყურადღებას გაურბოდა. მან თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა, მაგრამ 10 წელია რაც საქართველოში დაბრუნდა და თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში დასახლდა, რომელიც თბილისიდან დასავლეთით დაახლოებით 150 კილომეტრში მდებარეობს.
მანამდე, მან მხოლოდ ერთი ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსეთის ყოველდღიურ ბიზნეს გაზეთ „ვედომოსტის“ 2005 წელს. ამ ინტერვიუში ის ხაზს უსვამს თავის სურვილს პირად ცხოვრებაზე: „მე ცალსახად არ ვარ საჯარო ადამიანი“, – ამბობს იგი, „მაგრამ ეს ჩემი ხასიათია. არ მიყვარს ჟურნალისტებთან შევედრა ან საჯარო მოვლენებში ან ღონისძიებებში მონაწილეობა. ასეთ ადგილებში გიწევს ნიღაბის გაკეთება, მე კი ფორმალობებს ვერ ვიტან. მატერიალისტი ვარ და არ მჯერა სიცოხლის სიკვდილის შემდეგ. ცხოვრება მოკლეა – არ მინდა საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა. მართლაც არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. არ მიყვარს ზეიმები და საკუთარ დაბადების დღესაც კი არასდროს ვიხდი“.
მაგრამ წლების განმავლობაში ის უსაქმოდ არ მჯდარა. ივანიშვილმა შექმნა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ჩუმად ხარჯავდა მილიონებს პროექტებზე, რომლებიც დიდწილად ქართული კულტურის მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. მან აღადგინა ეკლესიები და თეატრები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის პენსიებს უხდის ქართველ აკადემიკოსებს და კულტურის მოღვაწეებს.
შარშან, ჟურნალ Prospect-ში გამოქვეყნებულ მის პროფილში, ბევრი ისეთი ადამიანი საუბრობს, რომლებსაც ის დაეხმარა და რომლებიც ამბობდნენ, რომ არასდროს უნახავთ ივანიშვილი და მასთან არანაირი პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ. მისი სახელი არ ჰქვია არცერთ პროექტს, რომელიც მან დააფინანსა.
ის განსაკუთრებულად გულუხვი იყო ჭორვილას მიმართ, სადაც განაახლა სახლები და საჯარო შენობები, აღადგინა გზები და ააშენა თანამედროვე საავადმყოფო, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ ემსახურებიან; ის პენსიის დანამატს და ყოველთვიურ პრემიებს უხდის ექიმებს და პედაგოგებს. 2009 წლამდე, მან კომუნალური გადასახადები 60 000 მოქალაქეს დაუფარა. Prospect-ის თანახმად, საკუთარ ქალაქში ის 2000 დოლარს გასცემს ისეთ ხარჯებზე, როგორიც ქორწილი და დაკრძალვაა. თუმცა, კრიტიკოსებმა ის იმაში დაადანაშაულეს, რომ ასეთი ქმედებებით მან ადამიანები დამოკიდებულნი გახადა და ინიციატივა ჩაუხშო.
შერეული რეაქციები
ქართულ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვის დღიდან, ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი სისტემური რეფორმების გატარებაა, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას განვითარდეს, როგორც თავისუფალი ბაზრის დემოკრატია. მან განაცხადა, რომ არ უნდა პრეზიდენტობა და თანამდებობაზე მხოლოდ ორი-სამი წლით დარჩენას აპირებს, და სჯერა, რომ რეფორმებისთვის ეს საკმარისი დროა. ამის შემდეგ მას საქველმოქმედო საქმიანობასთან დაბრუნება უნდა.
ოპოზიციური პარტიის „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელი ირაკლი ალასანია, რომელიც ივანიშვილმა პოტენციურ პოლიტიკურ პარტნიორად დაასახელა, მიესალმა ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენას.
„ქართულ საზოგადოებას დიდი ხნის განმავლობაში აკლდა ასეთი დებატები, ასეთი გულწრფელი საუბარი“, – ამბობს ალასანია. „ვფიქრობ დღეს ბ-ნმა ივანიშვილმა ძალიან მკაფიოდ და გულწრფელად უთხრა საზოგადოებას რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება და რატომ ჩაერთო პოლიტიკაში, და რა არის მისი მთავარი მიზანი – მის პარტნიორებთან ერთად. [ჩვენ გვინდა] რომ ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს კონკურენციის ნამდვილი შესაძლებლობა გაჩნდეს – კონკურენციის პოლიტიკასა და ბიზნესში. და ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან ცხადად და მკაფიოდ დაინახა“.
სხვები ასეთი დარწმუნებულები არ არიან. ლევან ვეფხვაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნომინალური ოპოზიციური პარტია „ქრისტიან- დემოკრატებიდან“, რომელსაც ხელისუფლებისგან ფართო მხარდაჭერა აქვს, ივანიშვილის დებიუტით პრესაში მოხიბლული არ არის.
„მე ვერ ვიტყვი, რომ დამრჩა შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ საქმე გვაქვს სერიოზულ პოლიტიკოსთან“, – ამბობს ვეფხვაძე. „დამწყებთათვის, პოლიტიკა ძალიან განსხვავდება ბიზნესისგან. როგორც ჩანს, მის ირგვლივ მენეჯმენტიც ძალიან სუსტია. გუშინ ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავდა და მეუბნებოდა, „ამ კაცმა შეიძლება მილიონები გააკეთა, მაგრამ ვერ მოახერხა ერთი პრესკონფერენციის ორგანიზება, როგორ აპირებს ის მთელი ქვეყნის მართვას?“ როგორც ჩანს ეს არის შთაბეჭდილება, რომელიც საზოგადოების ერთ სეგმენტს გაუჩნდა“.
ივანიშვილის პოზიციები ნელა და თანმიმდევრულად ყალიბდება. ის უპირატესობას ანიჭებს საქართველოს კურს ევროპული ინტეგრაციისკენ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელი და სავალდებულოა. იმავდროულად, ის აცხადებს, რომ საქართველოს „ალტერნატივა არ აქვს“ თუ არა ნატოს წევრობისკენ სწრაფვა.
პოლიტიკური ახალბედა?
მაგრამ ივანიშვილის მთავარი აქცენტი სისტემური რეფორმის გაღრმავებაზეა. „ჩვენ უნდა დავიწყოთ ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის პროცესი – და ეს პროცესი შეუქცევადი უნდა გახდეს“, – ამბობს ივანიშვილი. „მედია უნდა იყოს თავისუფალი. „[ჩვენ უნდა] შევქმნათ გარემო, რომელიც მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის. სამუშაო ადგილების შექმნა მუდმივი დაკვირვების და ჩვენი პოლიტიკის ცენტრალური მიზანი იქნება“.
ზოგიერთი მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, კრიტიკოსებს შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი დაასკვნან, რომ ივანიშვილს ყველა პრობლემის გადაჭრის გზად ფულის გაცემა მიაჩნია. ის ორი ტელეარხის ყიდვის ინიციატივით გამოვიდა, რომლებიც მან დააადანაშაულა იმაში, რომ მათ სააკაშვილი აკონტროლებს, მაშინ როდესაც თავად სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, ხოლო სახელმწიფო მედიაში მომუშავე ყველა ჟურნალისტს, რომელიც მოისურვებს შეუერთდეს მის კამპანიას, დასაქმება შესთავაზა.
იმის გათვალისწინებით, რომ მისი მოქალაქეობის საკითხი კვლავ ღიად რჩება (მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის თქმით მას აქვს სარეზერვო გეგმა თუკი მოქალაქეობას ვერ დაიბრუნებს) ჯერ კიდევ უცნობია, რა როლს ითამაშებს ის მოახლოებულ კამპანიაში.
ოპოზიციური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე იმაზე სწუხს, რომ ივანიშვილი გამოუცდელია. „ამბობენ, ერთია, გქონდეს პოლიტიკური გამოცდილება, როდესაც საქმე ეხება შენს ურთიერთობას მედიასთან, მაგრამ როდესაც ადამიანი ასეთ დიდ ამბიციებს ავლენს, მას ზოგიერთ საკითხზე უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ფორმულირებული პოზიცია“, – ამბობს იგი.
„ერთი მხრივ, მე მომწონს, როდესაც ის ამბობს, რომ ყველაფერი არ იცის და ბევრი რამის სწავლა სჭირდება. მაგრამ როდესაც საქმე ფუნდამენტურ საკითხებს ეხება – ის ამ შემთხვევაშიც კი აცხადებს, რომ მათზე მოგვიანებით იფიქრებს და სპეციალისტებთან ერთად განიხილავს. ეს მე არ მომწონს“, – ამბობს ჩიხრაძე. „ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ერთადერთი რაც მან დანამდვილებით იცის არის ის, რომ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს; ყველა დანარჩენ საკითხს მოგვიანებით გადაწყვეტს“.
„რადიო თავისუფლების“ დღიურებში ივანიშვილი აღიარებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს პოლიტიკაზე: „მე მჭირდება რეალური გამოხმაურება და კრიტიკა იმისთვის, რომ არ დავუშვა შეცდომები მომავალში“.
foreignpress.ge
1046
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85