დათა ახალაიას ახლობლები ვარაუდობენ, რომ

დათა ახალაიას ახლობლები ვარაუდობენ, რომ "ფეისბუქში" გავრცელებული განცხადება ნამდვილი არ არის

დათა ახალაიას ახლობლები ვარაუდობენ, რომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელებული განცხადება ნამდვილი არ არის.

"ინტერპრესნიუსი" თეა თუთბერიძეს დაუკავშირდა , რომელიც აცხადებს, რომ განცხადება სპეცსამსახურების გავრცელებული შეიძლება იყოს.

სააგენტოსთან საუბარში დათა ახალაიას რძალი, ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ამ დრომდე ვერ ახერხებენ დათა ახალაიასთან კავშირს, შესაბამისად, განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ. ამასთან, ნადარეიშვილის თქმით, დათა ახალაიას ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს, რომელმაც განცხადების ნამდვილობა დაადასტურა, საერთოდ არ იცნობს.

"ინტერპრესნიუსი" ძმები ახალაიების მეგობარს, გოგა ონიანსაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ახალაიას სახელით განცხადება სპეცსამსახურებმა გაავრცელეს.

"ირაკლი ზაქარეიშვილი რას ადასტურებს არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ზოგადად ქვეყნის სპეცსამსახურები, როდესაც სჭირდებათ, რომ გაავრცელონ ისეთი ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებამდე მიიტანენ და გარკვეული მიზანი იქნება მიღწეული, ამ ხერხს ხშირად იყენებენ. ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებები არ ვიცით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის სპეცსამსახურების ნამოქმედარი", - აღნიშნა გოგა ონიანმა.

მისი თქმით, დათა ახალაიას ადვოკატმა "ირაკლი ზაქარეიშვილმა შეიძლება ისიც არ იცის, რომ სხვისი სურათით სხვას შეუძლია სოციალურ ქსელში განცხადების დადება". "მას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ არ მგონია, "ფეისბუქთან" ახლოს იყოს. შეიძლება ამგვარი პრობლემა იყოს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი", - განაცხადა გოგა ონიანმა.