საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი.
„როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.
ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.