„ჩვენ 99 პროცენტი ვართ“

„ჩვენ 99 პროცენტი ვართ“

დუხჭირი ყოფა სხვადასახვა სოციალურ ჯგუფებს გაერთიანებისკენ და საკუთარი ინტერესების დაცვისკენ უბიძგებს. „თავისუფალ ასოციაციათა კავშირის“ ეგიდით უფლებაშელახული ადამიანები იკრიბებიან და ერთმანეთს თანადგომას უცხადებენ. „ჩვენ 99 პროცენტი ვართ“ – ამ ლოზუნგით საპროტესტო აქციებს ისინი დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში ატარებენ. 

ვესაუბრებით საქართველოს პედაგოგთა და მშობელთ ასოციაციის თავმჯდომარეს ლია ნიკოლაიშვილს:

– პედაგოგები, დევნილები, უმუშევრები ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ გამოვდივართ. 99 პროცენტი ვართ და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები გათვალისწინებული უნდა იყოს. უნდა შეწყდეს კვალიფიციური და სერთიფიცირებული პედაგოგების დევნა–შევიწროება. მიმდინარეობს უვიცი კადრებით მათი ჩანაცვლება. ეს ეხება სკოლის ხელმძღვანელებსაც. დირექტორებად პედაგოგიური განათლების არმქონე მანდატურები ინიშნებიან. ამიტომ მოსდით ამდენი უხეში შეცდომები. მაგრამ ეს ყველაფერი განათლების უწყებიდან, მინისტრის მითითებით ხდება.

რამდენად ხშირია მანდატურების დირექტორებად დანიშვნის შემთხვევები?

– ძალიან ხშირია. ახლაც ბევრგან პატიოსანი დირექტორები გაუშვეს და დატოვეს მხოლოდ ისინი, ვინც მომავალ არჩევნებში მაქსიმალურად გამოადგებათ. ლამის ყველა სასაწავლო დაწესებულება, ნაციონალური მოძრაობის ბუდედ გადაიქცა. რატომ ხდება კადრების უვიცი პედაგოგებით და დირექტორებით ჩანაცვლება? არჩევნები მოდის და მაქსიმალურად გამოიყენებენ. მხოლოდ ხუთიანის შემოხაზვა უნდათ, საერთოდ არ აინტერსებთ, ვინ რის სპეციალისტია და რა კვალიფიკაციას ფლობს. მერწმუნეთ, რომ როდესაც არჩევნები დასრულდება, ეს მონა–მორჩილი დირექტორებიც სკოლებიდან განდევნილნი იქნებიან.

სკოლებში ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით ხდება?

– ვინც არ ემორჩილება, იძულებულია სამსახური დატოვის და ულუკმაპუროდ დარჩეს. მე თავად სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ვიყავი. დირექტორს გაყალბებულ დოკუმენტებზე ხელს არ ვუწერდი და სკოლიდან ამის გამო გამომიშვა. 

მაინც რა ტიპის „გაყალბებულ დოკუმენტებზე“ საუბრობთ?

– ჩემი სკოლის მაგალითს გეტყვით, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრი ბიუჯეტის გამჭვირვალობას მოვითხოვდი. ინფორმაციას, თუ რა და სად იხარჯებოდა. დირექტორი ამაზე უარს ამბობდა. იყო შემთხვევები, როდესაც სკოლისთვის რაღაც ნივთს ყიდულობდა. სიტყვაზე, ორი ლარი ღირდა და ჩვენ ათლარიან ღირებულებაზე ხელს გვაწერინებდა. სხვები ემორჩილებოდნენ, მე უარს ვამბობდი, ხელს არ ვუწერდი.

ის დარჩენილი რვა ლარი სად მიდიოდა?

– ხელისუფლების ერთგული დირექტორის ჯიბეში. ისინი ამ გზით გამდიდრდნენ და ამ გზაზე გაჩერებას არც აპირებენ. ამას ემატება რემონტები, საიდანაც ასევე დიდ ფულს ტეხავენ. სკოლაში ახლა დიდი თანხები ტრიალებს და ცრუობენ, როდესაც ამას უარყოფენ.

იქნებ დააზუსტოთ, რომელ სკოლაში მუშაობდით?

– 89–ე საჯარო სკოლაში. დირექტორი ნანა სოლოღაშვილია. პრობლემები მხოლოდ მასთან  მქონდა.

შესაბამისი ორგანოები თუ დაინტერესებულან იმ დარღვევებით, რაზეც თქვენ საუბრობთ?

– პირადად დიმიტრი შაშკინს შევხვდი. გენერალური ინსპექცია შეუშვა სკოლაში. ექვსი დღე იმუშავეს და დარღვევები აღმოუჩინეს. სამინისტროდან, გენინსპექციიდან დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წერილი მოვიდა, მაგრამ სამეურვეო საბჭომ ის მაინც დატოვა თანამდებობაზე. ეს ხომ თამაშია! როგორ, სამეურვეო საბჭოს უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე სამინისტროს? აწყობთ ასეთი უვიცი და ნაძირალა დირექტორები.

რა მოხდა თქვენი განთავისუფლების შემდეგ?

– ყველა ჩემი მეგობარი, 30–მდე პედაგოგი გაანთავისუფლეს. ისინი, ვინც სიმართლისთვის ბრძოლაში მხარი დამიჭირა. ახლა ამ პედაგოგებს სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით პროცესები აქვთ. მერწმუნეთ, რომ ამ ბრძოლებს მოვიგებთ.

ამ ეტაპზე რა შედეგები გაქვთ?

– სამივე ინსტანციაში ვიბრძვით. დღემდე უკვე თხუთმეტი პროცესი მოგებული გვაქვს. ბოლოს დევნილი დარეჯან კაჭარავას პროცესი გვქონდა. ის ქალაქის მერიამ ბაღის გამგის თანამდებობიდან უკანონოდ გაანთავისუფლა. პირადად ქაცარავას მოვუგეთ სასამართლო დავა.

მაგრამ რამდენად ხშირად იღებს სასამართლო ასეთი ტიპის ობიექტურ გადაწყვეტილებებს?

– იცით როგორ არის? გააჩნია მოსამართლეს, ვინ როგორია. ნანა სოლოღაშვილისნაირები თუ სხედან, იქ წინასწარ ვიცით, რომ საქმე წაგებულია.  რამდენიმე მოსამართლე გვყავს, რომლებიც ღვთის ნებით სიმართლის მხარეს გამოდიან.

კონკრეტულად თამარ ზამბახიძე შემიძლია დავასახელო. რომელ პროცესზეც შეგვხვდა, ყველა უფლებაშელახულმა პედაგოგმა სასამართლო პროცესი მოიგო. სადაც კი ნაძირალა ბესიკ ბუგიანაშვილი გადაგვეღობა, ყველამ წააგო. ეს კაცი რომ არ ყოფილიყი, იქაც მოვიგებდით. ასე, მოსამართლეებიც შერჩევით არიან, როგორც სკოლის დირექტორები.

უკვე კარგად ვიცით, სასამართლო სისტემაშიც ვინ რას წარმოადგენს. ასმათ კოხრეიძის და ბესიკ ბუგიანაშვილისნაირები ღია დაკვეთებს ასრულებენ, მათგან განსხვავებით, თამარ ზამბახიძე ყველა საქმეს ობიექტურად უდგება. ჩვენ საქმე მასთანაც წაგვიგია, მაგრამ ის პედაგოგიც მართალი არ ყოფილა.

პირადად თქვენი უფლებების აღდგენის საქმე სადამდე არის მისული?

– სამივე ინსტანცია მოგებული მაქვს. დირექტორს კუთვნილი ანაზღაურების ნახევარი თანხა ჩარიცხული აქვს და დავა დანარჩენ ნახევარზე მიდის. ჩემს სკოლაში მაშინ შევალ, როდესაც კანონდამრღვევ დირექტორს იქიდან ბორკილებით გამოიყვანენ. პასუხს აგებს მის მიერ მოყვანილი სამეურვეო საბჭოს ის გუნდიც, რომელსაც ჩემს წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიაცემინა.

როდესაც სკოლიდან გამათავისუფლეს, სასამართლო პროცესი მოვიგე, ბრიფინგი გავაკეთე და მაშინვე სხვა, დაჩაგრული პედაგოგები მომადგნენ. ისინი, ვისაც დახმარება უნდოდათ. დავაფუძნეთ ასოციაცია და ერთად დავიწყეთ ბრძოლა. გვყავს იურისტები, რომლებიც პედაგოგებს უფასოდ ემსახურებიან. მხოლოდ სასამართლო ბაჟის გადასახადი შეაქვთ.

ძალიან მალე პროფკავშირად ჩამოვყალიბდებით, რომ პედაგოგების დასაცავად უფრო მეტი უფლებები გვქონდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს პედაგოგების დევნა. სკოლაში მხოლოდ მაღალკვალიფიციური მასწავლებლები  უნდა მოღვაწეობდნენ.

გაქვთ თუ არა დღევანდელი ხელისუფლებისგან ადექვატური დამოკიდებულების იმედი?

– არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ისინი ყველაფერს კარგად ხედავენ, მაგრამ არაფრის შეცვლა არ სურთ. მხლოდ არჩევნები და ამისთვის ერთგული კადრები აინტერესებთ. პედაგოგებს მხოლოდ საარჩევნო მიზნებით იყენებენ. მომავალი თაობა რომ იღუპება, ეს მათ არ ანაღვლებთ.