საქართველოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მთავრობები შეშფოთებულები არიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ საქართველოს და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული კომპრომისული შეთანხმების შესაძლო შედეგების გამო, შეთანხმების, რომელიც მოსკოვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) წევრობისკენ უხნის გზას. თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ ისინი შეძლებენ ამ შეთანხმების ხელმოწერის და განხორციელების ჩაშლას.
ეს კომპრომისული შეთანხმება ნაწილობრივ პასუხობს საქართველოს ძველ მოთხოვნას, რაც რუსეთის ფედერაციასა და ორ თვითგამოცხადებულ რეგიონს შორის საქონლის გადაადგილებაზე კონტროლს გულისხმობდა. ცნობილია, რომ ისინი თბილისის კონტროლიდან 1990-იანი წლების დასაწყისში გავიდნენ. რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ოფიციალურად 2008 წლის აგვისტოში აღიარა საქართველოს კატასტროფული მცდელობის შემდეგ სამხედრო ძალით აღედგინა კონტროლი სამხრეთ ოსეთზე. შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს კარძო კომპანიებიდან დამკვირვებლების განთავსებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „სავაჭრო დერეფნების“ ორივე მხარეს, ასევე რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან. (თბილისი ამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ქართველი მებაჟეების განთავსებას მოითხოვდა). საერთაშოროსო დამკვირვებლები შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს „მესამე მხარეს“, სავარაუდოდ შვეიცარიას ჩააბარებენ ხოლმე, რომელიც შემდეგ უკვე ინფორმაციას მოსკოვს და თბილისს მიაწვდის.
საქართველო მსო-ს წევრი 2000 წელს გახდა, რითაც სხვა ქვეყნების, მათ შორის რუსეთის გაწევრიანებაზე ვეტოს გამოყენების უფლება მოიპოვა. ყველაზე ცოტა 2004 წლიდან საქართველო ამ უფლებას მოსკოვთან მის ხანგრძლივ დაპირისპირებაში ზეწოლის ბერკეტად იყენებს.
2004 წელს, საქართველომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ რუსეთის ფედერაციის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ქართველი მებაჟეების განთავსება მოითხოვა იმ საქონლის კონტროლისთვის, რომელიც საზღვარს კვეთს, ასევე რუსეთის აკრძალვის გაუქმება ქართული ღვინის და მინერალური წყლის იმპორტზე. 2007 წლის ივლისში საქართველომ ეს მეორე მოთხოვნა მოხსნა.
2008 წლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თითქოს მან მიაღწია მოსკოვთან წინასწარ შეთანხმებას რუსეთს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრებთან საბაჟო-გამშვები პუნქტების მოწყობის შესახებ. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმალ უარყო აღნიშნული განცხადება. ორი თვის შემდეგ, თბილისმა შეწყვიტა რუსეთთან მოლაპარაკება, იმდროინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულების საპასუხოდ, რომელშიც მოითხოვდა საქართველოს ორი რეგიონის მთავრობებთან ურთიერთობების ოფიციალურ გაფორმებას. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოლაპარაკების პროცესი მთლიანად გაიყინა, მოსკოვმა კი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ოფიციალური მოლაპარაკებები მხოლოდ 2011 წლის მარტში განახლდა.
„სუვერენიტეტის შელახვა“
შვეიცარიის კომპრომისული წინადადება, რომელზე შეთანხმებასაც ჟენევაში ხელი 9 ნოემბერს უნდა მოეწეროს, არ ითვალისწინებს დამკვირვებლების განთავსებას არც აფხაზეთის და არც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. კომპრომისული შეთანხმების დეტალების გამოქვეყნებამდეც აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო Regnum-ს განუცხადა, რომ „აფხაზეთი თავის ტერიტორიაზე არცერთ დამკვირვებელს არ აიტანს, რადგან ეს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა იქნება“. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს მისცემს მის საზღვრებთან განთვსების უფლებას. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ დაადასტურა, რომ რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, თავის სავაჭრო ურთიერთობებში რუსეთთან საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამოდის, და ამიტომ მიაჩნია, რომ საერთაშორისო და სხვა ნებისმიერი დამკვირვებლის განთავსება არ არის საჭირო და დაუშვებელია. თუმცა დღემდე ყველაზე ხმამაღალი პროტესტი აფხაზეთის ორმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოთქვა. აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმმა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობს, 7 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს შეთანხმება „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შელახვის მცდელობაა“ და „აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს სერიოზულად ავნებს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს.
შეშფოთება გამოთქვა ასევე ომის ვეტერანთა კავშირმა „არუაა“-მ, განაცხადა რა, რომ „საქართველო საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების საბაბით ცდილობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე კონტროლის აღდგენას“ და რომ ეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის შელახვისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ორივე ორგანიზაციამ რესპუბლიკის მთავრობას, რომელსაც პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ხელმძღვანელობს, აფხაზეთის სუვერენიტეტის დასაცავად „შესაბამისი ზომების მიღებისკენ“ მოუწოდა. მაგრამ რაც არ უნდა ბევრი იყვიროს ოპოზიციამ, ორივე ამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას სხვა არჩევანი არ აქვს და ისინი იძულებულნი იქნებიან შეეგუონ რუსეთის მხრიდან ზურგში განხორციელებულ დარტყმას, რადგან ასეთია ფინანსური მხარდაჭერისა და სამხედრო დაცვის გაგრძელების ფასი.
foreignpress.ge
1693
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85