კიტ რიჩარდსი გამოარჩიეს

კიტ რიჩარდსი გამოარჩიეს

გასული წლის ოქტომბერში ჯგუფი “Rolling Stones”-ის გიტარისტმა კიტ რიჩარდსმა ავტობიოგრაფიული ნაშრომი გამოუშვა. ამ წიგნის დასახელება “Life” გახლდათ და ერთი წლის განმავლობაში მარტო აშშ-ში მისი მილიონი ცალი გაიყიდა.

 

“Associated Press”-ის ინფორმაციით, ორი დღის წინ მუსიკოსს პრესტიჟული ნორმან მეილერის სახელობის ჯილდო გადაეცა.

 

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ქალაქ ნიუ-იორკში ჩატარდა 2011 წლის ნორმან მეილერის სახელობის პრიზების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი. სახელოვან მუსიკოსს ჯილდო აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა გადასცა.

 

კიტ რიჩარდსის გარდა მეილერის პრემია მიენიჭათ 1986 წლის ნობელის პრემიის ლაუერატს ელი ვიზელს, ამერიკელ ჟურნალისტ გეი ტალეზესა და ინდოელ მწერალ არუნდატი როსს.

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში საკუთარი ბიოგრაფიების ქაღალდზე გადმოცემას არაერთი სახელოვანი მუსიკოსი შეუდგა.

 

გამომცემლობა "Simon & Schustler"-მა მომღერალ ბობ დილანს მოგონებების ერთდროულად ექვსი წიგნის დაწერა შეუკვეთა.

 

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს დილანმა საკუთარი „ქრონიკების“ პირველი ტომი უკვე გამოსცა. ეს თხზულება ამერიკული ბესტსელერების სიას ნახევარი წლის განმავლობაში ედგა სათავეში.

 

ცნობილი ამერიკელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონის ყოფილმა ქმარმა, ასევე მომღერალმა ბობი ბრაუნმა ცოტა ხნის წინ ავტობიოგრაფიული მოგონებების წიგნი გამოსცა. ამ მემუარებში ქალბატონი უიტნი მეტად ცუდ ფერებშია დახატული.

 

წიგნის სათაურია “სიმართლე, მხოლოდ სიმართლე” და მისი დიდი ნაწილი ჰიუსტონის ლაფში ამოსვრის მცდელობაა.

 

ცოტა ხნის წინ გაყიდვაში აგრეთვე გამოვიდა ჯგუფი “Aerosmith”-ის ვოკალისტი სტივენ ტაილერის ბიოგრაფიული ნაშრომი.

 

უახლოეს მომავალში  დაგეგმილია ჯგუფი “The Who”-ს გიტარისტი პიტ თაუსენდის  მოგონებების გამოცემა.

 

ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა კორტნი ლავმაც უახლოეს მომავალში ავტობიოგრაფიის დაწერა განიზრახა.

 

გამოცემა “Rolling Stone”-ის ინფორმაციით, გამოჩენილი მომღერალი როდ სტიუარტი კოლეგების მაგალითით აღფრთოვანდა და ისიც საკუთარი მოგონებების წერას შეუდგა.