"ბორჯომს" რუსულ ბაზარზე დაბრუნების უფლება მისცეს

ქართულ მინერალურ წყალ "ბორჯომს" რუსულ ბაზარზე დაბრუნების უფლება მისცეს. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, "ბორჯომი" რუსეთის პროდუქციის რეესტრში დარეგისტრირებულია და შესაბამისად, ბაზარზეც დაშვებულია.

როგორც ონიშენკომ განმარტა, ქართული მინერალური წყლის დაბრუნება რუსულ ბაზარზე დაგეგმილზე მოგვიანებით შედგა, რადგან, "ბორჯომის" პირველი პარტია, რომელიც ქართულმა მხარემ წარადგინა, დაწუნებული იქნა რუსი სპეციალისტების მიერ.

"ბორჯომი" მესამე ქართული კომპანია გახდა, რომელსაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნების უფლება ოფიციალურად მიეცა. მანამდე პროცედურები წარმატებით "ქინძმარაული მარანმა" და "დუგლაძის ღვინის სახლმა" გაიარეს.

"ბორჯომი" რუსულ ბაზარზე 2006 წელს აკრძალეს.