ლეონიდ თიბილოვი: ოსი ხალხი გაერთიანდება და ეს დროც მალე მოვა

ლეონიდ თიბილოვი: ოსი ხალხი გაერთიანდება და ეს დროც მალე მოვა

ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონს არ სურს რამე საერთო ჰქონდეს საქართველოსთან. მისივე თქმით, პერსპექტივაში, ოსი ხალხი უნდა გაერთიანდეს და ეს დროც მალე მოვა.

"ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, ჩვენი მკაფიო პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში იმაში მდგომარეობს, რომ მასთან არავითარ სასაზღვრო ვაჭრობაზე საუბარიც არ არის. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ქართული მხრიდან მუსირებს ე.წ. ერგნეთის ბაზრობის გახსნის თემა. სოფელი ერგნეთი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენ არ ვაპირებთ მის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას. ჩვენს ტერიტორიაზე ის არ იქნება. საქართველოს შეუძლია ვისთანაც უნდა იმასთან ივაჭროს. ეს მისი საქმეა", _ აცხადებს თიბილოვი და აღნიშნავს, რომ სეპარატისტები თავად აპირებენ ბაზრობის გახსნას ცხინვალისა და ვლადიკავკაზის გზატკეცილთან ახლოს.

"ვიმეორებ, ქართულ მხარესთან ერთად რაიმე სახის ერთობლივ ბაზრობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ჩვენი კურსი უკვე განსაზღვრულია და იგი პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს არ განუსაზღვრავს. ჩვენი კურსი ისტორიულად განსაზღვრულია ჩვენი ხალხის მიერ.

ჩვენ ძალიან კარგად შევისწავლეთ ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს სათავეში მოსული ყოველი ახალი ხელისუფლება აკეთებს განცხადებას ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის შესახებ. მაგრამ, ვიცით რა ქართულ-ოსური ურთიერთობების მთელი ისტორია ზედმეტ ილუზიებს არ ვიქმნით საქართველოს ხელისუფლების განზრახვებთან დაკავშირებით", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.

მისივე თქმით, ოსებს ყოველთვის მშვიდობა უნდოდა, მაგრამ საქართველო აი უკვე მერამდენედ წამოვიდა ცხინვალზე ომით.

"მათ აქ "სუფთა ველის" დანახვა უნდოდათ. მათ არაფერი გამოუვიდათ. ჩვენ კი გავაგრძელებთ რუსეთთან დაახლოებას და ჩრდილოეთ ოსეთთან ინტეგრაციას.

პერსპექტივაში ოსი ხალხი უნდა გაერთიანდეს. მოვა ეს დროც. საქართველოს დასავლეთი და ნატო უნდა. ამავე დროს თბილისს სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა - 2 მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს. საქართველო რუსეთის ხარჯზე ცხოვრობს და ის მასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ეცდება კიდეც. ჩვენ კი ეს არ გვაშინებს", _ აცხადებს ლეონიდ თიბილოვი.