ვანო მერაბიშვილი:

ვანო მერაბიშვილი: "7-თვიანი მმართველობის თავზე პრემიერმა პირველად აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, "7-თვიანი მმართველობის თავზე პრემიერმა პირველად აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია".

ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

"ახალი ხელისუფლების 7-თვიანი მმართველობის თავზე დღეს საქართველოს პრემიერმა პირველად აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკა იმყოფება კრიზისში. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, შემცირებულია ვაჭრობა, გაიზარდა უმუშევრობა და სამწუხაროდ, სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეკონომიკური თემა არის ის თემა, რომელზეც მთავრობა ვალდებულია, ითანამშრომლოს ყველასთან, მათ შორის ოპოზიციასთან და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამ ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით. ჩვენმა მთავრობამ, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ძალიან გვიან დაიწყო ყველაზე მთავარი – უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი. მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას, ჩვენი შეცდომები მაინც გაითვალისწინოს. ჩვენ საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა ქვეყნის მართვის, ეკონომიკური განვითარების და გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა უმუშევრობის და დასაქმების პროგრამის განხორციელებაში. ჩვენ ვაპირებთ გადაუდებელი ღონისძიებების პროგრამის გამოქვეყნებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. მთავარი ამოცანა უნდა გახდეს დასაქმების საკითხის გადაწყვეტა. მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ, მიმართულებით აქტიურად ვითანამშროლოთ ხელისუფლებასთან", - განაცხადა მერაბიშვილმა.