დიცში მოსახლეობა ინდურ კომპანიებზე მიწის ფართობების გასხვისებას აპროტესტებს

დიცში მოსახლეობა ინდურ კომპანიებზე მიწის ფართობების გასხვისებას აპროტესტებს

გორის რაიონის სოფელ დიცში ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ ინდურ კომპანიებზე 140 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებს. დიცელებმა გუშინ საჩივრითა და სარჩელით სასამართლოსა და პროკურატურას მიმართეს. დღეს კი, არსებული ვითარების გასაცნობად და ადგილობრივებთან შესახვედრად სოფელში "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ჩავიდა. კუკავას ინფორმაციით, აღნიშნული სოფლის გარდა, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასხვისება 70-მდე სოფელში მოხდა. მისივე თქმით, მიწებს ძირითადად პაკისტანელები, თურქები, ინდოელები და ჩინელები ყიდულობენ.

როგორც "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი განმარტავს, უცხოელებზე მიწების გასხვისება კორუფციული გარიგებების გზით ხდება.

"კანონმდებლობის გათვალისწინებით, უცხოელებზე მიწის გასხვისება არ შეიძლება, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობისათვის 6-თვიანი შეთავაზება არ დაფიქსირდება. მოსახლეობამ კი მიწების გაყიდვის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა სოფელში ახალი მფლობელები - ინდური კომპანიების წარმომადგენლები გამოჩნდნენ", - განაცხადა კუკავამ, რომელიც გახორციელებული პრივატიზაციის დაუყონებლივ ბათილად ცნობას ითხოვს.