პატრულის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს პროკურატურასთან კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ

პატრულის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს პროკურატურასთან კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ

"ცენტრ-პოინტისა" და "დექსუსის" მიერ დაზარალებული მენაშენეები პროკურატურისგან მათი საქმის დროულად გამოძიებას და კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ .
ამ მოთხოვნით პროკურატურის შენობასთან დაზარალებული მენაშენეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, წლების განმავლობაში კომპანიების "ცენტრ-პოინტის" და "დექსუსის" პასუხისმგებელი პირების მიერ განხორციელებული თაღლითური თემების შედეგად დაზარალდა 6 200 ოჯახი, ანუ დაახლოებით 25 000 ადამიანი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ პროკურატურამ საგამოძიებო ორგანოებმა გამოიჩინონ მეტი ყურადღება დაზარალებული ადამიანების მიმართ. მათივე თქმით, დროულად უნდა მოხდეს თაღლითური სქემების გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თანამდებობა უნდა დატოვოს მთავარმა პროკურორმა და პასუხისმგებელმა პირებმა, რომლებიც არაეფექტურად იძიებენ ამ დრომდე არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს და დავებს.

აქციის მიმდინარეობისას დაზარალებული მენაშენეები ცდილობდნენ კარვების გაშლას, რა დროსაც მოხდა მცირე ინციდენტი პატრულის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს პროკურატურის შენობასთან კარვის გაშლის საშუალება. ამას აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოყვა.

პარალელურად კი მიმდინარეობს მჯდომარე აქცია პროკურატურის კიბეებთან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ აპირებენ დაშლას და მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით დაიწყებენ შიმშილობას პროკურატურის შენობასთან.